ამის მიზეზი ე.წ. აფხაზური პასპორტებისა და წითელი საბჭოთა პასპორტების მოქმედების შეჩერებაა, რამაც უმეტესწილად ქართველი მოსახლეობა დააზარალა.
დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ. აფხაზური პასპორტების ცვლის პროცესი ერთი წელია დაიწყო, 2019 წლის დასაწყისიდან კი ძველი პასპორტების მოქმდება ცალმხრივად შეაჩერა. ის ადამიანები, რომელთაც სხვა საბუთი არა აქვთ, გარდა ქართული პირადობის მოწმობისა, ენგურის ხიდზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.
„ბოლოს ე.წ. საზღვარი 6 იანვარს გადავკვეთე, ზუგდიდიდან წამლები გადმოვიტანე. გამოვიდა, რომ მოვასწარი. მაშინ რუსმა მესაზღვრეებმა გვითხრეს, რომ ვადის ამოწურვამდე შეგვეძლო გვესარგებლა აფხაზური პასპორტებით და გადაადგილების პრობლემა არ შეგვექმნებოდა. მერე „საზღვარი“ საერთოდ დაიკეტა და ყველა ერთიანად გამოვიკეტეთ წამლების და პროდუქტის გარეშე. გაიხსნა, მაგრამ იმ კატეგორიისთვის, რომელშიც ჩვენ ვართ, არაფერი შეცვლილა. პასპორტს ვადა 2021 წლამდე აქვს, თუმცა მოქმედება შეუჩერდა. ვერ ვახერხებთ ზუგდიდში გადასვლას, სხვა საბუთი კი ჩვენ არაფერი გვაქვს, გარდა ქართული პირადობისა. განაცხადი შეტანილი გვაქვს „ვიდ ნა ჟიტელსტვაზე“, მაგრამ თუ იმ კრიტერიუმებით გაიცა, რაზეც დე ფაქტო რეჟიმი ოფიციალურად საუბრობს, გამოდის, რომ საბუთს ვერ ავიღებ. უსაბუთობა კი ტყვეობას ნიშნავს, თუ რა თქმა უნდა საერთოდ გაგვაჩერეს უსაბუთოები გალში“, – აცხადებს გალის რაიონის მკვიდრი.
ადგილობრივების ერთ-ერთ პრობლემას ამ ეტაპზე წამლით და პროდუქტით მომარაგება წარმოადგენს, რადგან ადგილზე ყველაფერი არ იშოვება, ხოლო რაც იშოვება, ზუგდიდთან შედარებით, ორმაგი თანხა ღირს.
„საზღვრის ჩაკეტვამ ნათლად დაგვანახა, რომ ადგილობრივ „ხელისუფლებას“ არ შესწევს უნარი ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოს. აფთიაქებში წამალი არ იშოვებოდა, ბაზარში კი პროდუქტი. ჩვენთვის ძირითადი მომარაგების წყარო ზუგდიდია, სადაც ფასები შედარებით ხელმისაწვდომია. გალში ბაზარი მხოლოდ გარკვეულ დღეებში მუშაობს და ისიც მიზერული პროდუქციით. აქ არანაირი არჩევანის საშუალება არ არის, უნდა იყიდო ის, რაც დაგხვდება. ეს კი იმაზე ორმაგად მეტი ღირს, ვიდრე ზუგდიდის ბაზარში. თუ საბუთები არ მოგვცეს, აქ დარჩენა შეუძლებელი გახდება“, – აცხადებს 57 წლის გალელი.
მთავარ პრობლემათა შორისაა ჯანდაცვის სისტემის არარსებობა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება თითქმის შეუძლებელია, ხოლო საბუთის არარსებობის შემთხვევაში, ენგურს გამოღმაც ვერ მიიღებენ.
„83 წლის ვარ, საბჭოთა რუსული პასპორტი მქონდა, ძველი. ცოტა ხნის წინ მოქმედება შეუჩერეს, ახლა მარტო ქართული პირადობა მაქვს და ცუდად რომ გავხდე და აქ ვერ მიშველონ, „საზღვარზე“ არავინ გამატარებს. ერთი წლის წინ ცუდად გავხდი, აქ მკვდრად ჩამთვალეს, მაგრამ ოჯახმა არ დამტოვა და ზუგდიდში გადამიყვანა. როგორც ხედავთ გადავრჩი, ახლა კი იგივე რომ დამემართოს, გამოდის, რომ ადგილობრივი დიაგნოზით უნდა ვიხელმძღვანელო და პირდაპირ მოვკვდე“, – აცხადებს DFWatch-თან საუბრისას 83 წლის ქალი.
იგივე პრობლემაზე საუბრობენ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებიც.
„მე ძველი აფხაზური პასპორტი მქონდა, შესაცვლელად შევიტანე განაცხადი, რომ ახალი მიმეღო. პასუხი არ მიმიღია, მომცემენ თუ არა, ახლა კი სანამ ახალს ავიღებ, ადგილზე ვარ ორი პატარა ბავშვით ჩაკეტილი. რამე რომ დასჭირდეთ, ცუდად გამიხდნენ, ადგილობრივი საავადმყოფოს გარდა, ვერავის მივმართავ, აქ კი ელემენტარული დახმარების გარდა, ბავშვს კათეტერსაც ვერ უდგამენ. პასპორტი თუ არ მომცეს, ბინადრობის უფლებაზე გავაკეთებ განაცხადს, მაგრამ ეს პროცესი თითქმის ერთ წლამდე იწელება ზოგადად. ამ პერიოდში რა გარანტია მაქვს, რომ ბავშვებს არაფერი დაჭირდებათ. ჩემ გარდა ამ მდგომარეობაშია აქ თითქმის ყველა, ვისაც დღეს მხოლოდ ქართული პირადობის მოწმობა აქვს“, – აცხადებს 30 წლის ქალი.
რამდენიმე მათგანი DFWatch-თან საუბარში, გალის სამუდამოდ დატოვებაზეც ალაპარაკდა. ისინი მიიჩნევენ, რომ სოხუმის რეჟიმს სწორედ იმის მიღწევა უნდა, რომ გალი ქართველებისგან დაიცალოს.
„შვილები, როგორც უმეტესობა აქაურს, მეც ენგურს გაღმა მყავს. თუ იქით ვერ გადავალ, ისინი აქეთ ვერ გადმოდიან, წამალს და პროდუქტს ვერ ვიყიდი, შვილებს ვერ ვნახავ, ადგილზე ისედაც არაფრის უფლება არ გვაქვს, აქ ჩვენ ცხოვრებას რაღა აზრი ექნება? მთავარობას ჩვენ არ ვაინტერესებთ არც აქაურს და არც იქაურს. ესენი შეპარვით გვეუბნებიან, წადით აქედანო, ჩვენი მთავრობა კი პირდაპირ გვეუბნება, დატოვეთ გალი და მხოლოდ მერე მოგცემთ საცხოვრებელ ფართსო. ჩვენი აქ ყოფნა გვეგონა, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის. მიწას ვამუშავებთ, საქონელი გვყავს, ძირითად ნაწილს შვილებს ვუგზავნიდით, მაგის ხათრით ვცხოვრობთ უმეტესობა აქ, რომ შვილებს წავეხმაროთ რამით. აბა, თუ ვერაფერს გავაკეთებთ, ავდგები და წავალ მეც. რა თქმა უნდა, მარტივი არ იქნება სახლ-კარის მესამედ დატოვება, მაგრამ უკვე ასაკში ვარ და შვილებით და შვილიშვილებით მინდა გავიხარო“, – აღნიშნავს DFWatch-თან საუბარში გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი.
ცნობისთვის, დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე, აფხაზური პასპორტის გაცემა კანონით აკრძალა.
რაც შეეხება ე.წ. ვიდ ნა ჟიტელსტვას, მისი გაცემა შეფერხებით მიმდინარეობს და 5000 რუსულ რუბლამდე (200 ლარი) ჯდება. აღებაზე კი ასევე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. კერძოდ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ბინადრობის უფლების გაცემა, უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს და აღების სურვილით 12 ათასამდე ადამიანმა მიმართა.
„საბუთი მსურველთა დაახლოებით ნახევარს აქვს აღებული. ეს უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიბადნენ. გალელებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე პირებიც მოქალაქეობის გარეშე. ჩვენი მონაცემებით, ასეთი სულ 600-800 ადამიანია. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც აფხაზეთის მოქალაქეობა ვერ მიიღეს, რადგან მათი ერთ-ერთი მშობელი აფხაზეთის მოქალაქე არ არის. ასეთ ადამიანებს ვაძლევთ ბინადრობის უფლებას, 5 წლის შემდეგ კი მათ შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ აფხაზური პასპორტის აღებაზე, მას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ წარმატებით ჩააბარებენ აფხაზური ენისა და აფხაზეთის კონსტიტუციის გამოცდებს”, – აღნიშნავს ნადარაია.
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი ასევე აღნიშნავს, რომ ბინადრობის უფლების მისაღებად, აუცილებელია პირი ბოლო ათი წელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდეს.
რაც შეეხება აფხაზურ პასპორტებს, დე ფაქტო შს სამინისტროს მონაცემებით, „პასპორტების“ გაცემაზე 117 800 განაცხადი მიიღეს, გაცემულია 94 686 „პასპორტი“, ასევე უკვე გაცემულია ნებართვა 7 834 მოქალაქისთვის „პასპორტის“ გაცემაზეც, განხილვაზე გატანილია 12 980 პასპორტის საკითხი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.