ფაქტობრივი ბლოკადის პირობებში გალის მოსახლეობა ყოფით პრობლემებს სხვადასხვა გზებით უმკლავდება. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო სოხუმის რეჟიმმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩაკეტა ერთადერთი გზა, რომელიც გალის რაიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს. როგორც ადგილობრივები DFWatch-თან საუბარში აღნიშნავენ, ვერ ახერხებენ იმ შემოსავლის მიღებას, რაც პენსიისა და დევნილის სოციალური შემწეობის სახით აქვთ.

„ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი პენსიონერია, მათი შემოსავალი პენსია და დევნილის შემწეობაა. პენსია 70 წლამდე პირებისთვის 220 ლარია, 70 წელს ზემოთ კი 250. დევნილის სოციალური შემწეობა 45 ლარია. ეს თანხა ბევრისთვის აქ ძირითადი შემოსავალია. მას შემდეგ კი, რაც გზა დაიკეტა, უმრავლესობა მის აღებას ვერ ახერხებს“, – აცხადებს DFWatch-თან საუბარში, გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრი პენსიონერი ქალი.

ამას ადგილზე პროდუქტის გაძვირებაც ემატება, რადგან ზუგდიდიდან შედარებით იაფი პროდუქცია ვერ შემოდის ან შემოდის არასაკმარისად.

„როცა ზუგდიდში ვერ გადადიხარ, იძულებული ხარ ყველაფერი გალის ბაზარში შეიძინო. აქ კი ყველაფერი ორმაგად ფასობს. მაგალითისთვის რომ გითხრათ, კარტოფილი 3-4 ლარი ღირს. თვითონ გალის ბაზარიც ზუგდიდიდან მარაგდებოდა, ახლა კი, როცა გზა არაა, თავისთავად პროდუქტის დეფიციტია, ხოლო ის, რაც არის, საკმაოდ ძვირად ფასობს,“ – განუცხადა DFWatch-ს საბერიოს მკვიდრმა საშუალო ასაკის მამაკაცმა.

კითხვაზე თუ რა ფორმით ახერხებს პენსიონერთა ნაწილი ამ თანხის მიღებას, საბერიოს მკვიდრი ხანდაზმული ქალი გვიყვება, რომ ამის ერთ-ერთი გზა ენგურჰესის მანქანაა. ცნობისთვის, ენგურჰესის თანამშრომლებისთვის შეზღუდვა არ მოქმედებს.

„ვისაც შეუძლია ენგურამდე მოსვლა, ბარათებს ატანს ენგურჰესის მანქანას, რომელსაც ზუგდიდში ფული გამოაქვს და უკან მოაქვს მოსახლეობისთვის. უნდა ნახოთ, როგორ ელოდებიან ადგილობრივები ამ მანქანას. თუმცა ამას ყველა სოფლის მკვიდრი ვერ ახერხებს, ენგურამდე მოსვლასაც ხომ ტრანსპორტი უნდა. არიან ისეთი პენსიონერებიც, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ“.

პენსიის მიღების მეორე გზა, მინდობილობის გაკეთებაა ისეთი პირისთვის, რომელიც ენგურზე გადაადგილებას ახერხებს. DFWatch ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა.

„რამდენიმე ადამიანის მინდობილობა მაქვს გაკეთებული ჩემს სახელზე. მინდობილობა სკაიპით ნოტარიუსთან გავაკეთეთ. ორი მოწმე გვყავდა, ერთი ნათესავი, მეორე არანათესავი. ამისთვის 61 ლარის გადახდაა საჭირო წელიწადში ერთხელ, ანუ მინდობილობის მაქსიმალური ვადა ერთი წელია. ბანკში მათი ანგარიშის განკარგვის უფლება მაქვს. ხშირად გადავდივარ, ხან მაშინ, როცა გახსნიან ცალმხრივად, ხანაც ე.წ. შავი გზით. ამ დროს ვიღებ თანხებს და ვარიგებ. ასე ეხმარება ყველა ერთმანეთს, ვისაც როგორ შეუძლია“, – აცხადებს 34 წლის მამაკაცი რ.გ.