დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვარზე გადმოსატანის პროდუქტების რაოდენობა, კონკრეტულად უნდა განისაზღვროს, რაღაც აფხაზეთში “კონტრაბანდის” შემოტანა საბოლოოდ აღმოიფხვრას.
ამის შესახებ ის აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„აფხაზური კანონის თანახმად, საზღვარზე თითო ადამიანისთვის 50 კგ ტვირთის გადმოტანაა დაშვებული. მე მესმის, რომ 50 კგ კარტოფილი შეიძლება ადამიანმა პირადი მოხმარებისთვის გადმოიტანოს, თუმცა როცა ადამიანს 50 კგ ყველი შემოაქვს, მარტივი მისახვედრია, რომ ეს კონტრაბანდაა. ცოლ-ქმარმა 50-50 კგ ყველი რომ შემოიტანოს, უკვე 100-კგ-ია და ათეულობით ასეთი 50 კგ, სწორედ ის ყველია, რომელიც სოხუმის ბაზარში დღეს იყიდება. გარდა ამისა, არის რაღაცეები, რასაც ადამიანები ტანსაცმელებში და სხვადასხვა საშუალებებით მალავენ. მიმაჩნია, რომ უნდა განისაზღვროს პროდუქტის რაოდენობა, მაგალითად, 5 კგ ხახვი, იმდენივე შაქარი და ასე შემდეგ. ეს მოგვცემს საშუალებას, მსგავსი კონტრაბანდის შემოტანა აღმოვფხვრათ“, – აცხადებს ნადარაია.
გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ კონტრაბანდა პირდაპირ უკავშირდება ქართული ჯარის დაფინანსებას.
„მთელი მსოფლიო ეძებს საკუთარი პროდუქტის გასაღებისთვის ბაზარს, საქართველოსთვის აფხაზეთის ბაზარი მნიშვნელოვანია. პროდუქტის მწარმოებლები კი იხდიან გადასახადებს, ამ გადასახადებით კი ფინანსდება ის ქართული ჯარი, რომელიც საფრთხეს უქმნის აფხაზეთის სახელმწიფოს“, – მიიჩნევს ნადარაია.
რაც შეეხება კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დამატებითი გადასასვლელების დახურვას, ნადარაია აღნიშნავს, რომ გარკვეული წინსვლა არის, თუმცა ამ ფაქტმა კონტრაბანდის შემოტანა ვერ შეაჩერა.
„მოგეხსენებათ, 6 პუნქტის კონტროლზე მარტივი 2 პუნქტის კონტროლია. რაოდენობა თავად საუბრობს საკუთარ თავზე, ამიტომაც ჩაიკეტა დამატებითი პუნქტები. გარკვეული შედეგი არის, თუმცა ამ კუთხით პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს“.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.