ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო ხელმძღვანელი ფილიპ ხაჩიროვი გადადგა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს განსაკუთრებით ავიწროებდნენ ახალგორის ქართულ მოსახლეობას.
ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მისი თხოვნა გადადგომაზე დააკმაყოფილა და გაწეული სამსახურისთვის მადლობაც გადაუხადა. ამასთან, დაჰპირდა, რომ მისთვის ახალი „სახელმწიფო“ თანამდებობა მოიძებნება.
„ლენინგორის (ახალგორის) რაიონის ხელმძღვანელად მუშაობისას ბევრი რამ შეძელით: ეს არის ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკი, წყალსადენი, ახალი სპორტდარბაზი წინაგარში. გრძელი სიაა,“ – განაცხადა ბიბილოვმა.
მან მადლობა გადაუხადა ხაჩიროვს ასევე „დაწყებული ან ინიცირებული პროექტებისთვის“ და თქვა, რომ ყველა პროექტი იქნება რეალიზებული.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორის მოსახლეობისთვის გაურკვეველია, რა წარმატებების გამო გადაუხადეს ხაჩიროვს მადლობა, რადგან ჩამოთვლილთაგან მას არაფერი გაუკეთებია. ამბობს, რომ ახალგორის ადმინისტრაციის შენობაშიც კი წყალი და საპირფარეშო ვერ გაუკეთებიათ.
„წავიდა ხაჩიროვი, მოვა სხვა “ხაჩიროვი” და წინამორბედის მიერ “დაწყებულს” “გააგრძელებს”. მერე ისიც წავა და ასე გაგრძელდება, სანამ ჩვენს რაიონს უდაბნოდ არ გადააქცევენ,” – წერს მეარაყიშვილი „ფეისბუქში“.
მისი თქმით, ახალგორში ახალი წყალმომარაგების სისტემა რუსული ფულით, რუსეთის საინვესტიციო პროგრამით აშენდა და უცნობია, რა შუაშია აქ ხაჩიროვი.
„რაიონის ხელმძღვანელის მოვალეობა იყო, რომ ამ ახალ სისტემაში ჯერ კიდევ ივლის-აგვისტოში ჩაერთო საცხოვრებელი სახლები და კორპუსები, მაგრამ მან ესეც არ გააკეთა, რის გამოც უკვე ხუთი თვეა რაიონის მოსახლეობის ნახევარი წყლის გარეშეა. ასეთი რამ არასოდეს ყოფილა”, – აცხადებს მეარაყიშვილი.
მისივე თქმით, ასევე გაურკვეველია, რა საზაფხულო ბანაკზე ლაპარაკობს ბიბილოვი.
„როგორც ჩანს, ლაპარაკია პატარა საზაფხულო ბანაკზე მოსწავლეებისთვის, რომლის განთავსება სურდათ სოფლის დახურულ სკოლის შენობაში. რემონტი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყეს, რაიონის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ ზაფხულის არდადეგებისთვის დამთავრდებოდა, მაგრამ სამუშაო ჯერ ისევ დაუსრულებელია. ფაქტობრივად, ამ ერთი პატარა სკოლის რემონსტისთვის მთელი რაიონი ბიუჯეტი წავიდა – რამდენიმე მილიონი რუბლი. საბინაო და კომუნალური სექტორიდან სექტემბერში ადამიანებიც სახლში გაუშვეს, რომ ფული სამშენებლო სამუშაოებს მოხმარებოდა და ადამიანები ხელფასის გარეშე დარჩნენ,“ – აღნიშნავს მეარაყიშვილი.
ოსური მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც ხაჩიროვი ახალგორის „ხელმძღვანელად“ დაინიშნა, უკმაყოფილებას არ მალავდა მმართველი პარტია „გაერთიანებული ოსეთის“ ახალგორის შტაბი და ცხინვალში არაერთი საჩივრის წერილიც გააგზავნეს. ხაჩიროვი ახალგორში ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2017 წლის ივნისში დაინიშნა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და იმ რაიონულ ადმინისტრაციებში, სადაც ხელმძღვანელის მიმართ უკმაყოფილებაა, მკაცრ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომ ადგილობრივების გული მოიგოს და არჩევნებში ხმები მოკრიბოს.
ახალგორი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში განსაკუთრებული ტერიტორიაა, რადგან აქ ეთნიკური ქართული მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს.
როგორც თამარა მეარაყიშვილი ამბობს, ხაჩიროვი წარმოშობით ახალგორის სოფელ წინაგარიდანაა და შესაძლოა მისი ახალგორის ხელმძღვანელად დანიშვნის მოტივი ესეც იყო, რომ როგორც ახალგორს რაიონის მკვიდრს, ქართველებთან საერთო ენის გამონახვა გაუმარტივდებოდა, თუმცა პირიქით მოხდა.
მეარაყიშვილის თქმით, თუ მის კაბინეტში ქართველი შევიდოდა, ის პასუხობდა, რომ „წადი“ და არც კი უსმენდა. ამიტომაც მასთან ქართველები არ მიდიოდნენ. გარდა ამისა, სწორედ მისი ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ დაიწყო შეზღუდვები ახალგორის „გამშვებ პუნქტზე“ და 20 საათის შემდეგ დილის 8 საათამდე ე.წ. საზღვარზე სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი არ ატარებდნენ. ასევე მისი ხელმძღვანელობის დროს საბავშვო ბაღებიდან გაუშვეს ყველა, ვინც რუსულად და ოსურად არ ლაპარაკობდა, მათ შორის დარაჯიც კი.
ფილიპ ხაჩიროვის სახელმა ასევე გაიჟღერა თებერვალში ცხინვლის ციხეში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაკავების საქმეშიც. მაშინ ითქვა, რომ სწორედ ხაჩიროვი იყო ერთ-ერთი, ვისი დავალებითაც დაიჭრეს ტატუნაშვილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.