სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“ (The Biltmore Hotel Tbilisi), რომელიც თაბიკაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იმელის შენობის უკან 31 ივლისს გაიხსნა, სტუმრებს სექტემბრიდან მოემსახურება. ამის შესახებ DFWatch-ს სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა ნინა ასათიანმა უთხრა.
მისივე თქმით, ეს არის მაღალი კლასის სასტუმრო, რომელიც საქართველოში ყველაზე ძვირი იქნება – ნომრის ფასი, დაახლოებით, 380 დოლარიდან იწყება. თუმცა, დეტალური ინფორმაცია თუ რა დაუჯდება ადამიანს ამ სასტუმროში გაჩერება, 10 აგვისტოდან გახდება ცნობილი. სასტუმროში უკვე დასაქმდა 250 ადამიანი.
სასტუმრო „ბილთმორ თბილისის“ შესავლელი რუსთაველის გამზირზე, ყოფილი იმელის შენობაშია განთავსებული, იქვეა რამდენიმე საკონფერენციო დარბაზიც. ხოლო „იმელის“ შენობის უკან მდებარე ცათამბრჯენში, რომელიც ყველაზე მაღალია საქართველოში, განთავსებულია 214 ოთახი, სპა -დიდი აუზით, რამდენიმე რესტორანი და ბარი, ღონისძიებათა დარბაზი, “რომლის მსგავსიც საქართველოში არ არის.”
ეს არის პირველი სასტუმრო, რომელშიც საპრეზიდენტო აპარტამენტები მოეწყობა და დედაქალაქში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებსა თუ VIP პერსონებს მოემსახურება.
ორ წელში კი ამ ჩამონათვალს დაემატება კაზინოც, რომელიც იმელის შენობაში განთავსდება. თუმცა, ასათიანმა ვერ დააკონკრეტა იქნება თუ არა ეს კაზინოების ცნობილი ბრენდის, „მელკოს“ კაზინო, რომლის გახსნასაც თავდაპირველად აპირებდნენ.
ცნობისთვის, თებერვალში „მაკაუ ბიზნეს დეილიმ“ გაავრცელა „მელკო ინტერენეშენლის“ ფილიალის – „მელკოლოტის“ განცხადება, რომლის თანახმადაც, „მელკო“ თბილისში კაზინოს აღარ გახსნიდა, რადგან მისი მფლობელი, ცნობილი ჰონკონგელი მილიარდელი ლოურენს ჰო და ემირატების „დაბი ჯგუფი“, რომელსაც ცათამბჯენი ეკუთვნის, არენდის ოდენობაზე ვერ მორიგდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, ამას არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა როგორც მოქალაქეთა მხრიდან სოციალურ ქსელებში, ასევე არქიტექტორების მხრიდანაც.
არქიტექტორ ალექსანდრე ჩუბინიძის შეფასებით, “იმელის უკან აგებული ვერტიკალი ყველაზე კარგი მაგალითია, თუ როგორი პროექტი არ უნდა ხორციელდებოდეს თბილისში“.
„ამ ნაგებობაში ერთიანდება ყველა პრობლემატური საკითხი, რომელიც შესაძლოა, არქიტექტურამ წარმოშვას – მასშტაბი, სილუეტი, კონტექსტი, ფაქტურა, ფორმა, ფუნქცია, ადგილთან მორგებულობა, თბილისის სივრცული ისტორიის გაგრძელება. “იმელის” შენობის უკან აგებული ვერტიკალი ყველაზე კარგი მაგალითია, თუ როგორი პროექტი არ უნდა ხორციელდებოდეს თბილისში (და არა მხოლოდ თბილისში). თაბუკაშვილის ქუჩაზე აღმართული ფსევდო ცათამბრჯენი კი ანტიკონტრასტია, რკინაბეტონის უმძიმეს კარკასს მინით ფუთავენ და ამით ახდენენ ე.წ. თანამედროვე არქიტექტურის იმიტაციას. თბილისური ახალი არქიტექტურის შინაარსობრივ კონტექსტს ხომ მუდამ თან სდევს იმიტაცია,“ – აღნიშნავს ჩუბინიძე ambebi.ge-სთან საუბრისას.
სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“ არაბეთის გაერთიანებული ემირატების ინვესტიციით აშენდა და მასში 140 მილიონი დოლარი ჩაიდო. გახსნის ცერემონიალი, რაზეც დაახლოებით 2 მილიონი დაიხარჯა, 31 ივლისს გაიმართა. სასტუმროს ფასადზე მოეწყო 3D შოუ, რომლის მსგავსიც ორგანიზატორების თქმით, საქართველოში არ ყოფილა. გარდა ამისა, ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
ბილთმორი ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელმაც საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველ წარმომადგენლობა გახსნა. Millennium & Copthorne Hotels მსოფლიოში 120 სასტუმროს მფლობელი, აქტივების ან ბიზნესის მმართველია.
ემირატების “დაბი ჯგუფს” (Abu Dhabi Group) საქართველოში უკვე ორი მსხვილი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს — “ბილთმორ თბილისი” და “ტერაბანკი”.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2007 წლის ზაფხულში თბილისის მერიის, გიგი უგულავას განკარგულებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე 13-სართულიანი ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. მიიჩნევდნენ, რომ სახლი კანონდარღვევით იყო აგებული. მერიამ წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,სახლიდან მოქალაქეები გამოასახლა და დაჰპირდა, რომ ინვესტორი მათ სახლს აუშენებდა, მანამდე კი ქირით იცხოვრებდნენ. მაშინვე ითქვა, რომ გავრცელებული განცხადება სახლის კანონდარღვევით აშენების შესახებ საბაბი იყო; სინამდვილეში მერიის მაღალჩინოსნები ცდილობდნენ, სასურველი ადგილი “გაესუფთავებინათ” ინვესტორის – “კაპიტალ ვოსტოკისთვის”, რომელსაც “იმელის” შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, 7,000 კვ.მ-ის ფართობზე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “კემპინსკი” უნდა აეშენებინა. “კაპიტალ ვოსტოკმა” არც სასტუმრო ააშენა და არც დაპირებული ბინა.
ამის შემდეგ 2009 წელს “იმელის” შენობა მიმდებარე ტერიტორიით ახალ ინვესტორს – “დაბი ჯგუფს” გადაეცა, რომელმაც თაბუკაშვილის ქუჩაზე სრულიად განსხვავებული პროექტით გადაწყვიტა მშენებლობის დაწყება ისე, რომ არავის უმსჯელია, შეესაბამებოდა თუ არა ინვესტორის 30-სართულიანი შენობა ძველი თბილისის კულტურულ და არქიტექტურულ იერ-სახეს… ამას მოჰყვა არქიტექტორთა პროტესტი, რაც „იმელის“ შენობის დანგრევის საფრთხეზე გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, თუმცა ამ პროტესტის შედეგად ეს შენობა დანგრევას გადაურჩა, მაგრამ, როგორც დღეს არქიტექტორები ამბობენ, რომ მისი ღირებულება შემცირდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.