babaevc

ალი ბაბაევი: „ყოველთვის ვამბობ, რომ სადაც არ უნდა იყოს, იქნება საქართველოში თუ სხვაგან, სეპარატიზმის წინააღმდეგი ვარ.“

„სოლიდარობას ვუცხადებ და მომავალშიც გამოვუცხადებ ჩემს ერს,  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში,“ – განაცხადა „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ აპრილის დასაწყისში ქართულ და აზერბაიჯანულ  მედიაში გავრცელდა ბაბაევის განცხადება, რომ თითქოს ყარაბაღში საომრად 1 000-კაციანი ჯგუფის წაყვანას აპირებდა. როგორც ბაბაევმა შეხვედრაზე აღნიშნა, მას მსგავსი არაფერი უთქვამს და მხოლოდ სოლიდარობა გამოუცხადა საკუთარ ერს.

„სოლიდარობას ვუცხადებ და მომავალშიც გამოვუცხადებს ჩემს ერს. თითოეულ აზერბაიჯანელს, რომელიც იღუპებოდა საზღვრის პირას, რომელიც სეპარატიზმის, ტერორის, ძალადობის  მსხვერპლი გახდა  სოლიდარობას ვუცხადებ. ყოველთვის ვამბობ, რომ სადაც არ უნდა იყოს, იქნება საქართველოში თუ სხვაგან, სეპარატიზმის წინააღმდეგი ვარ. არაერთხელ მითქვამს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე ვარ  და ვფიქრობ, რომ ამ კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს – ეს არის მშვიდობა,“ – აღნიშნა ბაბაევმა.

DF Watch-ის ორგანიზებით წინა კვირას, ფრონტლაინ კლუბში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – ცვლადი დინამიკა საქართველოს აზერბაიჯანელთა და სომეხთა შორის ურთიერთობებში.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:  ა/ო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი;  „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე  ალი ბაბაევი; ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი, „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ გამგეობის ყოფილი წევრი სლავა მეჟდოიანი და „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორი ზაურ ხალილოვი.