(Facebook)

გალში, ერთდროულად რამდენიმე სოფელი იწვის. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლი წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მალევე დასახლებებში გადავიდა.

სოხუმის რეჟიმი ავრცელებს ცნობებს, თითქოს გალში ხანძრის კერები ლოკალიზებულია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამას უარყოფს და აცხადებს, რომ სიტუაცია ყოველ საათს უარესდება. ამასთან გალელები უარყოფენ სოხუმის მტკიცებას, თითქოს რაიონში სამი სოფლის ევაკუირება მოხდა.

„ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, ადგილზე სახანძრო სამსახურიც მუშაობდა, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე სახლი დაიწვა. იწვის თხილნარი და ვენახი. ძლიერი ქარია, ამიტომ ცეცხლის კერების ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. წუხელ, მაშინ როცა ჯერ მხოლოდ ზუღბაიების სახლები იყო დამწვარი, იფიქრეს რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ რეალურად კერები იყო დარჩენილი და ცეცხლი ისევ განახლდა. ახლა ზემო ბარღებში ყველაფერი იწვის, თუ მჭიდროდ დასახლებულ მოსახლეობამდე მივა, ვერცერთი სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდება“, – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღების მკვიდრმა, 40 წლის პედაგოგმა.

ადგილობრივებისვე ცნობით, ცეცხლის კერებია სოფელ სიდაში, სოფჩაიში, რეფსა და ხუმუშკურში (სოფლები მოხსენიებულია ქართული სახელწოდებებით).

„გვიან ღამით გაჩნდა, ჩვენთან, მოსახლეობამდე არ მოსულა – ტყე იწვოდა, თუმცა ქარია და შეიძლება ჩვენთანაც გამწვავდეს. ჯერ კიდევ წუხელ არავის ეგონა რომ ხანძარს სახლები შეეწირებოდა. ბარღები ჩვენი მოსაზღვრე სოფელია, როგორც ჩანს, ქარი იმ მიმართულებით უბერავდა, ჩვენ ჯერჯერობით გადავრჩით, თუმცა როგორც ვიცით იქ ხალხი დაზარალდა. ამბობენ რომ ცეცხლის დიდი კერებია სოფელ რეფში“, – განუცხადა DFWatch-ს სოფელ სიდის მკვირდმა, 31 წლის დიასახლისმა.

ჯერჯერობით უცნობია, მთლიანობაში რა ფართობზე ცეცხლი მოდებული და ისიც, როდის მოხდება მისი სრული ლოკალიზება. ერთადერთი, რაც მოსახლეობას აიმედებს, ქარის ჩადგომაა და სახანძროს ცოცხალი ძალით თავადაც დაეხმარებიან.

„დაუზოგავად ებრძვის ყველა, 15-მდე სახანძრო მანქანაა ადგილზე, თუმცა წყალი არ არის. არც ჭაში და მდინარეებშიც დაბალია წყლის დონე. ქარია და ეს ყველაფერი ართულებს ცეცხლთან ბრძოლას. ერთადერთი იმედი ახლა რუსი სამხედროების ვერტმფრენია, სხვაგვარად მოსახლეობა მასობრივად დაკარგავს სახლებს“, – აცხადებს სოფელ ზემო ბარღების მკვირდრი ქალბატონი ლ.გ.

რაც შეეხება ზუღბაიაების ოჯახს, როგორც DFWatch-ს მეზობლები უყვებიან, ორი სახლი დაეწვათ.

„ოჯახის რძალი მასწავლებელია. შვილი ხშირად ავადმყოფობდა. ორი სახლი ჰქონდათ, ორივე ორსართულიანი. ვერც მეზობლებმა და ვერც სახანძრომ სახლების გადარჩენა ვერ მოახერხა. ვერ გადმოვცემ, რა ხდება მათ თავს. ომს გადარჩენილი სახლი, ტყიდან გაჩენილი ხანძრიდან რომ დაგეწვება, თან ორივე ერთად… ღია ცის ქვეშ დარჩნენ“, – აცხადებს ზემო ბარღების მკვიდრი, 31 წლის დიასახლისი.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ცეცხლის სრულ ლოკალიზებაზე ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამ დრომდე შველას ითხოვს.