(Newcaucasus.com)

იანვრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზები „საზღვარზე“ გაიცემა, ამის შესახებ ქალაქ გალში გამართულ შეხვედრაზე სკოლის დირექტორებს განუცხადეს.

„ერთ-ერთ თათბირზე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ვიზების გაცემა იანვრიდან პირდაპირ „საზღვარზევე“ იგეგმება. მოგეხსენებათ, აქამდე ეს მხოლოდ სოხუმსა და გალში იყო შესაძლებელი. ზუსტად არ ვიცით, რას უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა პროცესი თავა გვიჩვენებს ალბათ შედეგს“, – აცხადებს გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის დირექტორი მ.ბ.

ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობა ერთგვარი იმედით უყურებს, ფიქრობენ, რომ ეს  ე.წ. ვიზის ასაღებ პროცედურებს გაამარტივებს.

„ვფიქრობთ, ეს გაამარტივებს გადასვლას, რადგან თუ ადრე თვეობით ველოდით საბუთს, ახლა უკვე გვეცოდინება, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ადგილზევე მივიღებთ. ხშირად თანხას ვიხდიდით, მაგრამ საბუთს მაინც არ გვაძლედნენ და ფულსაც ვკარგავდით, ან საბუთს ვიღებდით და „საზღვარზე“ რუსი მესაზღვრეები „გვიბრაკავდნენ“. ამიტომ თუ ეს პირობა შესრულდება, ჩვენთვის ალბათ უკეთესი იქნება. არ ვიცით ამ საბუთს სად რა ძალა აქვს, მაგრამ შვილების და შვილიშვილების ჩამოსაყვანად, ეს ერთადერთი გამოსავალია“, – აცხადებს გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი ლ.ბ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ვიზა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საჭირო ერთ-ერთი საბუთია. ამ დოკუმენტით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა სურს, ამისთვის კი მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტის არსებობა და თანხაა საჭირო. ე.წ. ვიზა 10, 20 და 30 დღის ვადით გაიცემა. 10-დღიანი ვიზის აღება სოხუმში 750 რუსული რუბლი ღირს (33 ლარი), გალში კი 1800 (78 ლარი). 20 და 30 დღიანი ვიზა სოხუმში 1400 რუსული რუბლი ჯდება (61 ლარი), გალში კი 2500 (108 ლარი). ვიზის ვადების გახანგრძლივება შესაძლებელია შესაბამისი თანხის გადახდის პირობით.