2021 წლის შემოსვლა პანდემიის ფონზე უჩვეულოდ, შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გამონაკლისი არც ჩაკეტილი აფხაზეთი აღმოჩნდა. თუ რითი იყო განსხვავებული და როგორ აღნიშნეს პანდემიური ახალი წელი, DFWatch-ს გალის მაცხოვრებლები უყვებიან.
ამბობენ, რომ თუ არ ჩავთვლით პანდემიას და ახალი წლის დღეებში მძვინვარე ხანრძრებს, 2020-მა ზოგადად მცირე, მაგრამ ხელშესახები გაუმჯობესება მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ფაროსანას შემოსევის დასრულებას, რომელიც მათთვის შემოსავლის მნიშცვნელოვან, და ზოგჯერ – ერთადერთ, წყაროს უნადგურებდა.
რ.ს.-სთვის, რომელიც სოფელ საბერიოს მკვიდრია, როგორც ჩანს, კოვიდ-19-ის პანდემია ფაროსანაზე ნაკლები ჭირია, ამიტომ ამბობს, რომ 2021 წელს უფრო პოზიტიური განწყობით შეხვდა, ვიდრე წინა, 2020 წელს.
„შეიძლება ითქვას, რომ უკეთესი წელიც კია. წინა წლებში ადგილობრივების სრულ მოსავალს ფაროსანა ანადგურებდა. ეს პრობლემა ახლა თითქმის მოგვარებულია. თხილი ისევ მოსავლიანია და მიუხედავად იმისა, რომ ენგურზე ვერ გადაგვაქვს, ადგილზე ხარისხიანი თხილის ფასი, 120-დან 180 რუსულ რუბლამდე მერყეობს,“ – ამბობს ის DFWatch-თან რ.ს.
მეორე პოზიტიურ მოვლენად, ადგილობრივები პენსიის პრობლემის მოგვარებას ასახელებენ.
„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პენსიების აღება იყო, რასაც ჩაკეტილი ხიდის გამო ვერ ვახერხებდით. ახლა ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდა. პირადად რამდენიმეჯერ ვნახე გაეროს მანქანა, რომელსაც წინასწარ შედგენილი სიებით ხიდზე გადაჰყავს პენსიონერები, იქ „ლიბერთი ბანკის“ მანქანა დგას, სადაც პენსიას იღებენ და ისევ გაეროს მანქანასვე მოჰყავს უკან. ეს საკმაოდ დიდი დახმარებაა ადგილობრივი პენსიონერებისთვის“, – აცხადებს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრი, 52 წლის ქალბატონი.
კიდევ ერთი დადებით მოვლენად ენგურის ხიდის ცალმხრივად გახსნას ასახელებენ.
„ხიდი ცალმხრივად გახსნილია, ამიტომ ვისაც საახალხწლოდ სურდა გალში მოხვედრა, გადმოვიდა და ოჯახთან შეხვდა ახალ წელს. სტუდენტების დიდი ნაწილი, ისედაც აქ იყო, ნაწილი ახლა გადმოვიდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც თავი შეიკავა, რადგან საბერიო-ფახულანის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების განახლება დაიწყეს, რის გამოც ტყით უკან გადასვლა ვერ მოხერხდებოდა“, – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრმა ზ.გ-მ.
ზოგიერთები ახალ წელს ტრადიციულად შვილებისა და შვილიშვილების სტუმრობას ელოდა, თუმცა წელს ეს ვერ მოახერხეს.
„ზოგჯერ გვგონია, რომ არც არაფერი შეცვლილა ჩვენთვის, ნაწილი იცავს წესებს და ერიდება სტუმრიანობას, ნაწილი კი ჩვეულებრივად, ძველებურად ისევ ისე მიდი-მოდის სამეზობლოში. წინა წლებთან შედარებითაც ესაა მთავარი ცვლილება, არ გვყავდა სტუმრები, ოჯახებში შევხვდით ახალ წელს შვილებისა და შვილიშვილების გარეშე. წინა წლებში, ე.წ. ვიზით გადმოგვყავდა-ხოლმე და ერთად ვხვდებოდით, მაგრამ წელს ეს შეუძლებელი იყო“, – აცხადებს 54 წლის მამაკაცი მ.ა.
რაც შეეხება საახალწლო პროდუქტების შეძენას, ადგილობრივები ამბობენ, რომ მიუხედავად ზუგდიდის ბაზართან კონტაქტის გაწყვეტისა, ბოლო დროს გალის ბაზარზეც ყველაფრის შეძენა შესაძლებელი იყო.
„ფული თუ გაქვს, ახლა უკვე აქაც ყველაფერია, უბრალოდ უფრო ძვირია-ხოლმე ვიდრე ზუგდიდში. სხვა მხრივ, საახალწლოდ პროდუქტის შეძენაში, პრობლემა არ შეგვქმნია. რძის პროდუქტი და ხორცი, ისედაც ყველა ოჯახს აქვს აქ,“ – ამბობს 33 წლის ნ.გ.
კითხვაზე, რამდენად შეეხოთ და ეხებათ ადგილობრივ ქართველებს, დე ფაქტო მთავრობის მიერ დაწესებული, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ განათლებას, სკოლა-ბაღებს ეხება.
„ერთადერთი რაც შეგვეხო, სკოლების და ბაღების დაკეტვაა, სხვა მხრივ, რაც ჩვენ გვჭირდება, ბაზარია და ის ჩვეულებრივ მუშაობს. ქელეხებიც ჩვეულებრივადაა და ვისაც წესის დაცვა არ უნდა, სხვა სახის სადღესასწაულო ღონისძიებასაც მართავს ოჯახებში. პირბადესაც სურვილისამებ იყენებენ, ჯერ არ გამიგია ვინმე დაეჯარიმებინოთ. სოფლებში შეზღუდვებს მხოლოდ საკუთარ თავებს უწესებენ ადამიანები. შიგნით გალში და გალს იქით კი, როგორც ვიცი პირბადე სავალდებულოა და მკაცრად კონტროლდება“, – განუცხადა DFWatch-ს რ.ს.-მ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.