ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ ცხინვალის რეჟიმმა რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ე.წ. ოსური მოქალაქეობის მიღების მიზნით ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას ედავება.
მეარაყიშვილი ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონში ძალიან ბევრ ეთნიკურ ოსს, მათ შორის ოსი მილიციელებს ოჯახის წევრებსაც აქვთ საქართველოს პასპორტი (რა თქმა უნდა ე.წ. ოსური პასპორტიც), ძალიან ხშირად დადიან თბილისში და ამის გამო მათ არავინ ედავება, ამიტომ მიიჩნევს, რომ ეს მის წინააღმდეგ გასული წლის ზაფხულში დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა, რადგან ცხინვალის რეჟიმის ჩინოვნიკებს აღიზიანებთ მისი საქმიანობა.
„აქ კანონით ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული არ არის, ანუ შეგიძლია იყო საქართველოს მოქალაქეც და გქონდეს ოსური პასპორტიც. თუმცა ამის მიუხედავად მედავებიან, რომ გაყალბების გზით მოვიპოვე „ოსური მოქალაქეობა“, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ. არ ვიცი, რა იქნება,“ – ამბობს მეარაყიშვილი DFWatch-თან საუბრისას.
„პროკურატურის ბრალდებაში წერია, რომ რეგულარულად დავდიოდი თბილისში და ეს ხომ დისკრიმინაციაა?! მე არ დავფრინავ, დავდივარ ამათ მიერ „ოფიციალურად“ დანიშნული ტრანსპორტით, ისინი აქ, ცხინვალში დარეგისტრირებულები არიან როგორ მეწარმეები და გადასახადს იხდიან. ჩემთან ერთად თბილისში არაერთ ეთნიკურ ოსსაც ბევრჯერ უმგზავრია. მე რამდენიმე დავასახელე და ამ სიის გაგრძელებას ვაპირებ. თბილისში ხშირად დადიან აქაური საპასპორტო მაგიდის მილიციელების მეუღლეები და ოჯახის წევრები. ამ მილიციელებმა ხომ უფრო კარგად იციან, რომ მათ ცოლებსა და ოჯახის სხვა წევრებს „ოსურ პასპორტთან“ ერთად ჩუმად ქართული პასპორტიც შენარჩუნებული აქვთ, აბა, რანაირად დადიან?! პოლიტიკოსები, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირებიც ასე დადიან თბილისში და ამას არც მალავენ, თბილისში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებენ. ამიტომ, ჩემს წინააღმდეგ დაწყებულ ამ სს საქმეს ჩემი დევნის გაგრძელებად და დისკრიმინაციად მივიჩნევ, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაიწყო ადგილობრივმა ხელისუფლებამ.“ – აღნიშნავს მეარაყიშვილი.
ახალგორის ე.წ. საზღვარზე თუ ქართული პირადობის მოწმობა არ აქვს ადამიანს, მას ქართული პოლიცია არ უშვებს და ცხინვალის რეჟიმისთვის ეს ცნობილია. ოსური მედიაც ხშირად წერს, რომ თუ „რესპუბლიკის“ ხელისუფლება გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქეობის მქონეებს ჩამოართვას „ოსური პასპორტები“, ასეთი ადამიანების გამოვლენა უმარტივესია – ვინც თბილისში ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტიდან დადის, ყველას აქვს საქართველოს პასპორტი.
მეარაყიშვილი ამბობს, რომ ეთნიკური ოსების რაღაც ნაწილი ქართულ პენსიასაც კი იღებს.
„მინდა გითხრათ, რომ ახალგორის რაიონის ე.წ. ოსური ზონის სოფლების მოსახლეობა დღეს ქართულ პენსიასაც იღებს და რანაირად ხდება ეს თუ ქართული მოქალაქეობაც არა აქვთ?! ეს „ოსური ზონა“ ძირითადად ოსურ სოფლებს აერთიანებს – წინაგარა, ორჭოსანი, აბრევი, რომლებსაც გორთან გასასვლელი ჩაკეტილი აქვთ, არც ახალგორის გამშვები პუნქტიდან უშვებს მათ ოსური მხარე, თუმცა სკაიპით გაკეთებული მინდობილობით ახერხებენ ქართული პენსიის მიღებას,“- ამბობს ახალგორელი აქტივისტი.
საგულისხმოა ის, რომ თამარ მეარაყიშვილის დევნა ცხინვალის რეჟიმმა გასული წლის ზაფხულში დაიწყო. მის წინააღმდეგ დე ფაქტო პროკურატურამ სს საქმე 2017 წლის აგვისტოში აღძრა მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამების მუხლით.
„აქაური „არჩევნების“ შემდეგ ჟურნალისტს მივეცი კომენტარი, სადაც ვამბობ, რომ პარტიელები ინაწილებენ მსუყე ადგილებს რაიონში და არავის გვარი და სახელი არ მითქვამს. კანონში კი წერია, რომ ფიზიკური პირი ვერ იქნება იურიდიული პირის ან პარტიის მიმართ ცილისმწამებელი, ცილისწამებად ითვლება მხოლოდ თუ კონკრეტულ გვარ-სახელს ასახელებ, მე კი არავინ მიხსენებია. საქმე გაყინულია, მაგრამ ყველა საბუთი ჩამორთმეული მაქვს და თბილისში ჩასვლა არ შემიძლია. არც სხვა პირად ნივთებს მიბრუნებენ, რომელთა შორისაა ჩემი 2 მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი. მალე 8 თვე სრულდება და დაკითხვაზეც მხოლოდ ერთხელ დამიბარეს, ოქტომბერში, ისიც ჩემი და ჩემი ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნით,“ – ამბობს მეარაყიშვილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.