უამინდობა, პატრულთან ურთიერთობა და ინფრასტრუქტურა – ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რაც აჭარაში ჩასულ ტურისტებს ყველაზე ხშირად აწუხებს. ამის შესახებ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის (2016 წლის იანვარ-მარტი) შედეგებშია საუბარი.
კვლევის თანახმად, ქვეყნიდან გასვლის მომენტში 15 წლის და უფროსი ასაკის 1027 ადამიანი გამოიკითხა. უმეტესობა – 80%-ზე მეტი – მამაკაცია. ძირითადად, თურქეთის (23.75%), აზერბაიჯის (15.38%), სომხეთის (11.19%) და რუსეთის (8.76%) ფედერაციის მოქალაქეები.
გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობა განმეორებით სტუმრობდა აჭარას.
მოგზაურთა უმრავლესობა საშუალოდ 4 ღამით რჩებოდა რეგიონში, ხოლო 1 დღეში დახარჯული თანხის რაოდენობა, საშუალოდ, 450 ლარს შეადგენდა. გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხობდა, რომ სასტუმრო თუ საოჯახო სასტუმროების მომსახურებით არ უსარგებლიათ.
აჭარაში ჩამოსვლის ძირითად მიზნად, ძირითადად, ღირსშესანიშნაობები, ბუნებისა და ლანდშაფტების დათვალიერება (38,8 %), მეგობრების მონახულება (16,6 % ) და აზარტული თამაშები (12,5 % ) დაასახელეს. თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,32% უჭირავს, მაშინ როცა ამავე მონაცემებით, ეკოტურიზმით 59%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 26,80%, ხოლო კულტურული ტურიზმით 14,74 %-ია დაკავებული.
კვლევაში იმ პრობლემებზეცაა საუბარი, რასაც უცხოელი ტურისტები აჭარაში ყველაზე ხშირად აწყდებიან. მათ შორისაა უამინდობა, პატრულის მიერ ხშირად გაჩერება, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რიგები საზღვრებზე, უპატივცემულობა, ხმაური, საცობები და სხვა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ უცხოელ ვიზიტორთა უმრავლესობა, მიუხედავად ყველაფრისა, საერთო ჯამში კმაყოფილი დარჩა რეგიონში ვიზიტით (ზოგადად ძალიან კამყოფილია 51.7% ).
რესპოდენტთა უმეტესობამ (95%-ზე მეტი) კი სურვილი გამოთქვა კიდევ ერთხელ ეწვიოს რეგიონს და ასევე რეკომენდაცია გაუწიოს ნაცნობებს, რომ აჭარა მათაც მოინახულონ. თუმცა იყვნენ ისეთებიც (3%-მდე), ვისაც განმეორებითი ვიზიტის სურვილი არ გააჩნდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.