აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V ორშაბათს ჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ყირიმის სანაპიროს ახლოს დაფრინავდა, მერე აფხაზეთის სანაპიროს სიახლოვესაც გადაიფრინა.
რუსული მედიის ცნობით, ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა ორჯერ გადაიფრინა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სანაპიროს სიახლოვეს, საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთსა და სოხუმს შორის. აფხაზეთის სიახლოვეს თვითმფრინავი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდა და საზღვაო საზღვარი არ დაურღვევია.
სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე განლაგებულ სამხედრო ბაზას ეკუტვნის.
ცნობილია, რომ ამ ტიპის სტრატეგიულ სადაზვერვო თვითმფრინავს თავისუფლად შეუძლია საფუძვლიანად დაათვალიეროს მოწინააღმდეგის ტერიტორია და პოტენციური მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამოვლენა.
სადაზვერვო ფრენების შესახებ ღია ცის შეთანხმება 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა და ძალაში 2002 წელს შევიდა. ის მონაწილე სახელმწიფოებს ერთმანეთის საჰაერო სივრცეში პერიოდულად სადაზვერვო ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს, თუმცა მოსკოვი კრძალავდა ასეთ ფრენებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე, იმ არგუმენტით, რომ ეს „დამოუკიდებელი სახელმწიფოებია”, რომლებიც არ არიან ღია ცის შეთანხმების წევრები. ამ აკრძალვის გამო შეთანხმების ჩაშლით იმუქრებოდა აშშ. თუმცა რუსეთს დათმობა მოუწია და ამერიკელებმა აფხაზეთის თავზე სადაზვერვო ფრენის უფლება შეინარჩუნეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.