თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი (მეტრო და ავტობუსები) მგზავრებს დედაქალაქში უფასოდ მოემსახურება.
ამასთან, გახანგრძლივდება მეტროს მუშაობაც შაბათს ღამის 12 საათიდან კვირას დილის 4 საათამდე. ამ პერიოდში მგზავრობაც უფასოა.
მერიის ცნობითვე, თბილისის სასაფლაოები მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს.
მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე ავტობუსები მეტრო დიდუბიდან გავა; კუკია-მახათასკენ – სადგურისა და მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს სასაფლაოზე – მეტრო დელისიდან; თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო სარაჯიშვილიდან; ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩაზე 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება და იქიდან იმოძრავებს; ვარკეთილის სასაფლაოებისკენ კი მეტრო ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.
სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 1 და 2 მაისს დილის 8-იდან საღამოს 8 საათამდე ივლის.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.