რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აფხაზური არხებით გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცი, რომელიც თავს გალის რაიონის მკვიდრად გვაცნობს, ვინმე რობერტ გაწერელია, ჰყვება თუ როგორ აიღო აფხაზური პასპორტი, ეროვნების გრაფაში კი ქართველის ნაცვლად მეგრელი ჩააწერინა.
ამას როგორც გალში, ასევე დანარჩენ საქართველოში დიდი გამოხმაურება მოყვა. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამ ფაქტის გამო გალელები გამყიდველებად და მოღალატეებად შერაცხეს.
„ამას ქართული პასპორტიც ექნება, ოე სუსი“… მოღალატე… არადა გალელები თავს დებენ, პატრიოტები ვართო“, – ამ და სხვა სახის კომენტარებით ეხმაურებოდნენ სოციალურ ქსელში ვიდეოს.
DFWatch გალის ადგილობრივ ქართველებს დაუკავშირდა იმის გასარკვევას, რამდენად რეალური ამბავია ვიდეოში მოყოლილი და მარტივია თუ არა აფხაზური პასპორტის აღება.
ადგილობრივები ყვებიან, რომ მათზე აფხაზური პასპორტი საერთოდ არ გაიცემა, რაც თავის დროზე გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამაც ხაზგასმით აღნიშნა.
“2016 წლიდან აფხაზეთში პასპორტების განახლების პროცესი მიმდინარეობს, რაც 2005 წლიდან დაწყებული პასპორტიზაციის დროს აღმოჩენილმა მთელმა რიგმა დარღვევებმა განაპირობა და იცით, რომ ამან პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანა. დღეს ჩვენი კანონი კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთია, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. აბსოლუტურად გასაგებია, რომ კანონი იძლევა უფლებას, იყო როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის მოქალაქე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – აცხადებს ნადარაია.
რაც შეეხება ვიდეოს, ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეციალურად დადგმულს ჰგავს, რადგან არათუ აფხაზური პასპორტის, არამედ ბინადრობის ნებართვის (ე.წ. ვიდ ნა ჟიტელსტვა) ასაღებადაც თვეობით დგანან რიგში.
„ვინ გვაძლევს აფხაზურ პასპორტს?! რომც ავიღოთ, ამით რა შავდება, იქ რა ეწერება, ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აფხაზურ პასპორტს არანაირი იურიდიული ძალა და აღიარება არ აქვს, ეს მხოლოდ ჩვენ გვჭირდება აქ არსებობისთვის. აფხაზებს სწორედ ეს არ აწყობთ, ჩვენი არსებობა და რაიმე სახის უფლებების ქონა, სწორედ ამიტომ მოიგონეს „ბინადრობის უფლება“, რომელიც მხოლოდ „საზღვარზე“ გადაადილებისთვის გვჭირდება და სხვა დანიშნულება არაფერი აქვს“, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ადგილობრივები ასევე ყვებიან, რომ აფხაზური პასპორტის ქართველზე გაცემის სულ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული.
„თუ დიდ თანხას გადაიხდი, პასპორტს კი არა, ყველაფერს მოგცემენ. თანხა კი იმდენად დიდია, ათასებს უტოლდება, არ მგონია ჩვენისთანა მოკვდავებს უღირდეთ გადახდა. მეორე შემთხვევა კი გვარის გადაკეთებას უკავშირდება. მაგალითად თარბაია თუ მიიღებს გვარს თარბა, მას მისცემენ. ჩვენ სოფელში მსგავსი ჯერ მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაბალ ზონაში. ვერ გეტყვით, რა ხდება მაღალი ზონის სოფლებში“.
ადგილობრივები ვიდეოზე მეტ ყურადღებას იმ გამოხმაურებაზე ამახვილებენ, რომელიც მას მოჰყვა.
„ჩვენ არ ვართ მოღალატეები, აქ რის ფასად გვიწევს ცხოვრება, ალბათ კომენტარების ავტორთა 90%-მა არ იცის. ლანძღვა და შორიდან დასკვნების გამოტანა და ისიც მოხლოდ ერთი ადამიანის ნააზრევით, მარტივია. აქაური რეალობა კი ბევრად რთულია, ვიდრე სოციალური ქსელიდან ჩანს“.
ცნობისთვის, აფხაზური გვარების დაბრუნების იდეით, ჯერ კიდევ შარშან გამოდიოდნენ აფხაზები აქტიურად.
2018 წლის, 19 ივლისს გალის დღესასწაული ჩატარდა, სადაც ადგილობრივი მოსწავლეების კონცერტი გაიმართა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების მთავარი ღონისძიება იყო 139 გალელისთვის ეროვნება „აფხაზის“ მინიჭება და მათთვის ე.წ. აფხაზური პასპორტის საზეიმოდ გადაცემა. ამ ღონისძიებას ორგანიზატორობდა „მირზაყანის აფხაზთა საბჭო“, რომელიც 2014 წელს შეიქმნა.
საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ ინალ-იფას თქმით, მისმა ორგანიზაციამ ხელისუფლების დახმარებით ჩაატარა ჩაატარა მონიტორინგი, რომელმაც დაადგინა, რომ გალის რაიონის საზღვრებში დაახლოებით 1 200 მკვიდრი აფხაზური ოჯახი, 45-ზე მეტი აფხაზური გვარი ცხოვრობს და მათი საერთო რაოდენობა არის 5 000 ადამიანი.
„1994 წლიდან 2014 წლამდე მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აღადგინა პირველადი გვარი და ეროვნულობა. ხოლო მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია შეიქმნა, ანუ 2014 წლიდან 2017 წლამდე 500-მა ადამიანმა მოითხოვა ძირძველი აფხაზური გვარისა და ეროვნულობის დაბრუნება. მათგან 300 ადამიანს მიეცა ეს შესაძლებლობა. და მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეობა მიიღო და დაიბრუნა საკუთარი ეთნიკური ფესვები 139-მა ადამიანმა,” – აცხადებს ინალ-იფა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.