მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წოფი ეთნიკური აზერბაიჯანელებითა და სომხებით არის დასახლებული. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.
2014 წლის აღწერით, წოფში 596 ადამიანი ცხოვრობს – 62% ეთნიკური აზერბაიჯანელია, დანარჩენი კი ეთნიკური სომეხი.
„ერთმანეთში კონფლიქტი აქამდე არასოდეს გვქონია. ძალიან კარგი მეზობლობა გვაქვს სომხებთან. ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ,” – ამბობს 72 წლის მუსტაფა ჰუსეინოვი.
მუსტაფა გვიხსნის, რომ აქაურები, საქართველოს სხვა ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქში მცხოვრები ადამიანების მსგავსად, ერთმანეთში ხშირად კამათობენ და მსჯელობენ პოლიტიკაზე, მაგრამ არის ერთი ტაბუდადებული თემა, რომელსაც არასოდეს განიხილავენ – ეს მთიანი ყარაბაღის საკითხია.
„ისტორია დაარქმევს კუთვნილ სახელს ამ კონფლიქტს. ეს ყველაფერი რუსეთის ბინძური პოლიტიკური თამაშის შედეგია. იმედი მაქვს, ახლო მომავალში ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერ საკუთარი სახელი დაერქმევა. ახლა კი ამ ომის შედეგებით სომხეთიც ზარალდება და აზერბაიჯანიც, ორივე მხრიდან იღუპებიან ადამიანები,” – ამბობს დავით პეტროსიანი. „- ამბობენ, რომ სომხები და აზერბაიჯანელები ისტორიული მტრები არიან. არ არის ეს მართალი. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში მეგობრები ვიყავით. იმედი მაქვს, ეს კონფლიქტი მალე დამთავრდება. კარგად მესმის იმ ხალხის, ვინც ყარაბაღში ცხოვრობდა და ახლა საკუთარი სახლი ენატრება.”
წოფელებს ყარაბაღის კონფლიქტზე მეტად ყოველდღიური პრობლემები აწუხებს. ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს აქ მარმარილოს მომპოვებელი საწარმო მუშაობდა, სადაც სამუშაოდ ხალხი სხვა რესპუბლიკებიდანაც ჩამოდიოდნენ.
„ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ წოფი მსოფლიოს ცენტრი იყო. რომელი ეროვნების ხალხს აღარ ნახავდით აქ: ქართველებიც იყვნენ, ბერძნებიც, რუსებიც, ყაზახებიც, პოლონელებიც და გერმანელებიც. 90-იანი წლების შემდეგ საქართველო ბევრმა დატოვა. არ გვინდა სოფლის მიტოვება. მაგრამ ახლა აქ სამუშაო არ არის და თავი რით უნდა ვირჩინოთ?” -კითხულობს მუსტაფა ჰუსეინოვი.
წოფის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, სხვა მეზობელი სოფლების მკვირდთა მსგავსად, უმუშევარია. ერთადერთი პროფესია, რომლითაც შეიძლება აქ დასაქმდე, პედაგოგობაა. ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა: ეზოებსა და კერძო ნაკვეთებში ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული მოჰყავთ. თუმცა, როგორც ამბობენ, მოსავალიც იშვიათადაა იმდენი, რომ გაყიდვაც შეძლონ და ოჯახშიც მოიხმარონ.
ადგილობრივების თქმით, წლების წინ წოფში ორი საბავშვო ბაღი, ფოსტა და კულტურის სახლიც კი იყო. ახლა აქ მხოლოდ სკოლაღაა დარჩენილი, რომელიც თითქმის ინგრევა. სკოლაში რუსული სექტორი დაიხურა, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სექტორები კი ისევ მუშაობს.
„ახალგაზრდები სამუშაოს საძებნელად სხვა ქვეყნებში მიდიან. ჩემი შვილები აზერბაიჯანში წავიდნენ, სომხები სომხეთში მიდიან. ზოგიც რუსეთსა და თურქეთში ეძებს სამუშაოს. ადგილზე დასაქმების საშუალება რომ იყოს, ამ სოფელს არასოდეს მივატოვებდით,“ – აღნიშნავს ელნურ მუსტაფაევი. ახლა თვითონ ისიც ბაქოში მიდის, სამუშაო და სარჩო რომ იშოვოს.
ელნური ამბობს, რომ ეთნიკული კუთვნილების მიუხედავად, აქ ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან და ერთმანეთის ჭირსაც იზიარებენ და ლხინსაც. განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, სოფელში მცხოვრები ორივე ეთნის რელიგიურ დღესასწაულებსაც კი ერთად აღნიშნავს.
„შეიძლება ბევრმა თქვას, რომ სომხეთი აზერბაიჯანის მტერია და ჩვენც განგვსაჯონ იმისთვის, რომ სომხებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. შვილის ვინმეს მიმართ სიძულვილით გაზრდა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი მშობელმა შეიძლება შვილს გაუკეთოს. ამ სოფელში მცხოვრები ხალხი – არც აზერბაიჯანელები და არც სომხები – არავისი სიძულვილით არ ვზრდით შვილებს. ვცხოვრობთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი და პოლიტიკაში არ ვერევით,” – ამბობს 73 წლის კათიპ ალიევი.
ნურანა მამმადი
სტატია მომზადებულია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.