ოკუპირებულ აფხაზეთში დაცხრილეს სოხუმიდან გუდაუთაში მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პაველ არძინბა და მისი მძღოლი დიმიტრი ხაგბა იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
წინასწარი ცნობით, გუმისთას ხიდზე გუდაუთისკენ მიმავალ „მერსედერსს“ ცეცხლი საპირისპირო მიმართულებით მდგარი ავტომანქანიდან გაუხსნეს.
2012 წლიდან პაველ არძინბაზე საერთაშირისო ძებნა იყო გამოცხადებული ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმისა და „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის“ ორი ოფიცრის მკვლელობის საქმეზე.
ანქვაბზე თავდასხმა 2012 წლის 22 თებერვალს განხორციელდა და მას შემდეგ 5 წლის განმავლობაში არძინბა ძებნაში იმყოფებოდა, შემდეგ კი, 2017 წლის 26 სექტემბერს, ის გამოძიებას თავისი ნებით ჩაბარდა, თუმცა დაკითხვის შემდეგ სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა.
56 წლის პაველ არძინბა გუდაუთელი იყო და სეპარატისტების ლიდერის, ვლადისლავ არძინბას გარემოცვას წარმოადგენდა. ის მონაწილეობდა 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ ომში. ერთი პერიოდი თავდაცვისა და შეიარაღების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი აფხაზურ-თურქული ფირმა „აბტურის“ პრეზიდენტი იყო.
მეორე დაღუპული 42 წლის დიმიტრი ხაგბაა, რომელიც, აფხაზურის მედიის ცნობით, არძინბას მძღოლად მუშაობდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.