აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან – ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო, წერია სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ რელიზში.
გარდა ამისა, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორცილებს.
როგორც DFWatch-ისთვის გახდა ცნობილი, სულ ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა არის 190, მათმა დიდმა ნაწილმა დროულად ვერ შეძლო ენგურზე გადმოსვლა, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეექმნა. შვიდი კი ახლაც ოკუპირებულ გალშია გამოკეტილი. მათგან 2-მა სოხუმში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, თუმცა ეს შეთავაზება მათთვისაც ძალაშია.
რელიზში წერია, რომ შეღავათი შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა.
“სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.
“ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებზე იმისათვის, რომ ამ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ,” წერია სამინისტროს რელიზში.
გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნონა შონიას ინფორმაციით, გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სკოლების აბიტურიენტების რაოდენობა 190-ია.
“ჩაირიცხება ყველა, ვინც დარეგისტრირდა, მათ შორის ის 7 ბავშვიც, ვინც საერთოდ ვერ მოახერხა გადმოსვლა. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მათგანი აგრძელებს სოხუმში სწავლას,” – უთხრა შონიამ DFWatch-ს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.