გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, აფხაზები საქართველოს მოქალაქეობას სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით იღებენ და ეს საქართველოს პოლიტიკის ნაწილია.
„სარგებლის” სიის ჩამონათვალში უფასო ჯანდაცვის პროგრამაც მოხვდა, თუმცა ნადარაია არ აკონკრეტებს, რომ ქართული მხარე მკურნალობისთვის მოქალაქეობის მიღებას არ ითხოვს.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დადგება საკითხი, აფხაზეთის მოქალაქეებს აეკრძალოთ „საქართველო-აფხაზეთის საზღვრის” გადაკვეთა, მითუმეტეს აფხაზეთში რუსული სამედიცინო დაზღვევა შემოდის.
„არის საკითხი, რაზეც ჩვენ არ გვსურს საუბარი, მაგრამ იძულებული ვართ ვისაუბროთ. ეს არის კატეგორია აფხაზების, რომლებიც სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით გადადიან საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეობას იღებენ. ეს საქართველოს პოლიტიკაა, რათა მერე ჟენევის მოლაპარაკებებზე თქვან: „ხედავთ, აფხაზებს და ქართველებს უნდათ ერთად ცხოვრება, მაგრამ რუსეთი ხელს უშლის, მას ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, სხვა შემთხვევაში ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრებდით“. ტყუილად არ ატარებს საქართველო აფხაზების მოსყიდვის პოლიტიკას. როცა ვერ მოახერხა დაპყრობა ცეცხლით, გადაწყვიტეს დაგვიპყრონ მოსყიდვით.
„თუ საქართველო საკუთარ მოქალაქეს წელიწადში 70 ათასი რუსული რუბლით უფინანსებს მკურნალობას, აფხაზეთის მოქალქეობის მქონე აფხაზებს მთელი 450 ათასი რუსული რუბლით უფინანსდება. ხოლო, როცა განაწყენებული მოქალაქეები კითხულობენ, რატომ ასეთი უსამართლობა, ისინი პასუხობენ: „არ ჩაერიოთ, ეს პოლიტიკაა“.
„ის აფხაზები, რომლებიც მიდიან საქართველოში და იღებენ საქართველოს მოქალაქეობას კრედიტების ასაღებად, ან სხვა სახის სოციალური სარგებლისთვის, საქართველოს მოქალაქეობის მიღებით ფაქტობრივად ყიდიან საკუთარ ერს. ეს საკითხი უკვე სერიოზულად დგას ჩვენთან, იმედი მაქვს, რომ კანონმდებლები დაუბრუნდებიან ამ საკითხს და იმ აფხაზებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აღმოჩნდებათ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმევათ. უახლოეს მომავალში დადგება საკითხი, აფხაზეთის მოქალაქეებს აეკრძალოთ საქართველო-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთა, მითუმეტეს აფხაზეთში რუსული სამედიცინო დაზღვევა მიმდინარეობს“, – აცხადებს ნადარაია.
საგულისხმოა, რომ სტატისტიკის მიხედვით მკურნალობის მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და 2009 წლიდან 2018 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, ჯანდაცვის რეფერალური პროგრამით უკვე 10 ათასზე მეტმა აფხაზმა და ოსმა ისარგებლა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკით, წლების მიხედვით, ოკუპირებული რეგიონებიდან მომართვიანობას 2018 წლამდე ზოგადად ზრდადი ტენდენცია გააჩნდა:
2009 წ. – 364 პაციეტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყო 112 028 ლარი.
2010 წ. – 1390 პაციენტი (143 180 ლარი).
2011 წ. – 173 პაცენტი, აქედან 153 აფხაზეთიდან, მათ შორის 25 ბავშვი, 20 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 4 ბავშვი (574 851).
2012 წ. – 977 პაციენტი, აქედან 868 აფხაზეთიდან, მათ შორის 79 ბავშვი, 109 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 20 ბავშვი (2 058 798).
2013 წ. – 624 პაციენტი, აქედან 307 აფხაზეთიდან, მათ შორის 69 ბავშვი, 317 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 64 ბავშვი (1 644 189).
2014 წ. – 941 პაციენტი, აქედან 426 აფხაზეთიდან, მათ შორის 58 ბავშვი, 515 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 67 ბავშვი (3 166 603).
2015 წ. – 1 577 პაციენტი, აქედან 875 აფხაზეთიდან, მათ შორის 127 ბავშვი, 702 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 68 ბავშვი (4 477 494).
2016 წ. – 2 280 პაციენტი, აქედან 1 316 აფხაზეთიდან, მათ შორის 169 ბავშვი, 964 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 106 ბავშვი (5 782 505).
2017 წ – 1 644 პაციენტი, აქედან 1 137 აფხაზეთიდან, მათ შორის 179 ბავშვი, 507 კი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 57 ბავშვი (4 278 074).
2018 წ. – 199 პაციენტი, აქედან 147 აფხაზეთიდან, მათ შორის 20 ბავშვი, 52 კი ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის 7 ბავშვი (630 063).
მთლიანობაში 2009 წლიდან მოყოლებული ამ კონკრეტული პროგრამისთვის თითქმის 23 მილიონი ლარია დახარჯულია.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, აფხაზეთში სამედიცინო დახმარების ელემენტარული პირობებიც არ არის.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.