აფხაზეთი დეპუტატები „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. იმედოვნებენ, რომ რუსი კოლეგების დახმარებით საერთაშორისო ძებნილად უნდა გამოაცხადებენ.
„ვციტირებ აკაკი ბობოხიძის ნათქვამ სიტყვებს, რომელიც მან საქართველოს პარლამენტიდან საქვეყნოდ განაცხადა რამდენიმე დღის წინ – „გხოცავდით აფხაზეთში და მომავალშიც დაგხოცავთ“. მან ეს სიტყვები მთელ მსოფლიოს უთხრა. მინდა მივმართო აფხაზეთის პრეზიდენტს, პროკურატურას, რომ ეს ადამიანი, ჩვენი რუსი კოლეგების დახმარებით, გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნილად“ – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა, დიმიტრი დბარმა.
შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები, ასევე მოითხოვენ ენგურის ხიდის ჩაკეტვას, სანამ თბილისში მოვლენები არ ჩაწყნარდება.
თავად დე ფაქტო პრეზიდენტი კი თბილისში მიმდინარე პროცესებს უშიშროების საბჭოს სხდომით გამოეხმაურა, სადაც განაცხადა, რომ „მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების განცხადებები აფხაზეთის ოკუპაციაზე, რაც ბოლო დღეებში კეთდება”.
„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომლის მონაწილეებიც რუსეთს ადანაშუალებენ შექმნილ სიტუაციაში. მოქმედმა პრეზიდენტმა და ოპოზიციამ “ოკუპირებული ტერიტორიების” ხსენებისგან თავი უნდა შეიკავონ და ჩვენი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხსენების გარეშე გადაჭრან საკუთარ პრობლემები”, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ცნობისთვის, თბილისში აქციები 20 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.