პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე სასჯელი შეიძლება მკვეთრად გამკაცრდეს. ამის შესახებ კანონპროექტი, პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ სასწრაფოდ მოამზადა და სამშაბათს მთავრობის სხდომაზეც წარადგინა.
პროექტის მიხედვით, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჯგუფურ ფიზიკურ ძალადობაზე 4-წლამდე პატიმრობა გათვალისწინებული.
ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი მუხლი, რომელიც კონკრეტულად საარჩევნო პროცესზე ძალადობას შეეხება. ის სს წესით დასჯადს გახდის ძალადობას, ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ.
ცვლილების პროექტს საქართველოს მთავრობა 27 მაისის სხდომაზე განიხილავს.
ცნობისათვის, კვირას, 22 მაისს საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე სამეგრელოს სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობის გამო პრემიერმა კვირიკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს დავალება მისცა, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოედგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომლებითაც პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე სანქციები გამკაცრდებოდა.
„ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის. ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე”, – წერია პრემიერის 23 მაისის გავრცელებულ განცხადებაში.
ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 125-ე ცემის მუხლით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ანდა 15 თვემდე გამასწორებელი სამუშაოთი. დაკავებული ჯერ არავინაა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ინტენსიური საგამოძოებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტარდება ექსპერტიზა, დაიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები და პროცედურების დასრულებას დრო სჭირდება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.