წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობისათვის ახალი პროექტებისა თუ ახალი „სიკეთეების“ შეთავაზება ტრადიცია იყო ყველა წინა ხელისუფლებების დროს და ის წარმატებით გრძელდება დღესაც.
ყველა დროს ყველაზე თვალშისაცემია აგვისტო-სექტემბერში გზების, ხიდების, შენობათა ფასადების თუ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ბუმი ქალაქებსა და სოფლებში და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს ტრადიცია აქტიურად ამუშავდა. მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან ტელეფონზე ესემეს შეტყობინებები მოსდით ამა თუ იმ დასახლებაში რა ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა ხელისუფლებამ – ეს იქნება გზების დაგება თუ თუ წყლის არხის გაყვანა-რეაბილიტაცია. დიდ პროექტებს კი საზეიმოდ თავად ხსნიან პრემიერ-მინისტრი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
6 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა, პროექტის ღირებულება 30 მლნ ლარია, იდეა პრემიერ კვირიკაშვილს ეკუთვნის და მისი მშენებლობა უსწრაფესად, თვენახევარში დასრულდა;
ასევე 6 ოქტომბერს გაიხსნა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს პროექტია, ღირებულება 34 მლნ დოლარი და ღონისძიებას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო;
6 ოქტომბერს ასევე თბილისში დასრულდა თამარაშვილის ქუჩის ხეივნის კეთილმოწყობა და ის თბილისის მერმა გახსნა.
წინასაარჩევნოდ ხელისუფლების თვალშისაცემი პროექტი იყო, ასევე, თბილისის მერიის პროექტის „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში მასშტაბური განახლება-რეაბილიტაციის დაწყება და არჩევნემაბდე 2 კვირით ადრე, 25 სექტემბერს საზეიმოდ გახსნა პრემიერ კვირიკაშვლისა და თბილისის მერის დავით ნარმანიას მიერ. პლუს, აგვისტო-სექტემბერში თბილისში არაერთი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, რომელთა უდიდესი ნაწილი სწორედ არჩევნების წინ, სექტემბერში დასრულდა.
წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა ახალი სოციალური შეღავათების ამოქმედებაც. 1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მცხოვრებ პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზარდათ და ისინი 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაწყვიტა ხელისუფლებამ მიწის რეფორმა განეხორციელებინა და კანონში ცვლილება შეეტანა მიწის გამარტივებული და უფასო რეგისტრაციის შესახებ, რაც 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა.
ასევე არჩევნების წინ დაიწყო ხელისუფლებამ სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებული ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარება და 1 ივლისიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებ ეკომიგრანტებს, რომლებიც წლებია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში ცხოვრობენ, თუმცა საკუთრება დაკანონებული არ აქვთ, უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვთები გადაეცემათ პირდაპირი მიყიდვის წესით – სიმბოლურ ფასად 1 ლარად.
არადა საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე პუნქტით, არჩევნებამდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით.
ამ კანონით 2016 წლის ბიუჯეტში რაღაც ახალი პროექტისა თუ პროგრამისათვის თანხის გამოყოფა აკრძალულია 9 აგვისტოდან. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წელს დაწყებული რეფორმები და პროექტები საზოგადოებაში მაინც წინასაარჩევნო კამპანიის აღიქმება, ხელისუფლება ცდილობს ახალი პროექტების შეთავაზება სამართლებრივად კანონმდებლობის ჩარჩოში მოაქციოს და მისი დაანონსება და ბიუჯეტში ამისთვის ცვლილებები ბევრად უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე კანონით აკრძალულ ბოლო 60 დღეში. თუმცა არც თუ იშვიათია, როდესაც კანონის დარღვევასაც აქვს ადგილი. დარღვევები ძირითადად რეგიონებში ფიქსირდება, როდესაც სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისა დაწყების გამო არჩევნების წინა ორ თვეში შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები და ამაზე ა/ო „სამართლიანი არჩევნები“ თავს შუალედურ ანგარიშებშიც წერს. მაგალითად, ოზურგეთში 82 000 ლარით, ხობში – 517 000-ით გაიზარდა ბიუჯეტი ახალი პროექტებისათვის. ასეთი შემთხვევები კი სხვა რაიონებშიცაა.
„რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ცვლილებები აქტიურად ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მხოლოდ 9 აგვისტოდან იკრძალება, მანამდე განხორციელებული ცვლილებებით ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ამოქმედება ძირითადად საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. ეს ფაქტები საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ქმნის საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეს,“ – აცხადებს მიხეილ ბენიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.