ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო შს მინისტრ ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა, იმ დრომდე, ვიდრე ე.წ. პროკურატურა მოკვლევას დაასრულებს. ძაპშბას ადგილი მისმა მოადგილე ბორის აბიტოვმა დაიკავა.
დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიცია ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს და ბინძური ტექნოლოგიის გამოყენებითა და არჩევანის თავისუფლების ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის.
რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მას არც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე 10 ივლისს რეფერენდუმის დანიშვნა სურდა, თუმცა სტაბილიზაციის შენარჩუნების გამო ამ ნაბიჯზე წავიდა და ახლაც იმავე მიზეზით გადააყენა „მინისტრი“, ხოლო უკვე დაგეგმილი რეფერენდუმის შემოდგომისათვის გადატანას კატეგორიულად არ დაუშვებს.
სამშაბათს, სოხუმში 5 ივლისს ოპოზიციის მომხრეებმა, რომლებიც დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომას და 10 ივლისს დანიშნული რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებას მოითხოვდნენ, შსს-სთან საპროტესტო აქცია გამართეს. მალე აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა შენობის შტურმით აღება რამდენჯერმე სცადეს, რის გამოც სამშაბათს „სამინისტროს“ შესასვლელთან მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები და სპეცრაზმი. ერთ-ერთი შტურმისას 19 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 სავადმყოფოშიც გადაიყვანეს.
საპროტესტო აქციის ინიციატორი ხაჯიმბას ოპოზიცია „ამცახარაა“, რომელიც 2014 წელს ძალით გადაყენებული ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მომხრეა. პარტიამ მოთხოვნების სია გამოაქვეყნა და „პრეზიდენტს“ გაუგზავნა.
მთავარი მოთხოვნებია: რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადება; ასევე ვადაგასული პასპორტების მქონე პირებისათვის ხმის მიცემის ნებართვა, უბნების რუსეთშიც გახსნა და შს მინისტრის გათავისუფლება. ამ ბოლო ამ მოთხოვნის მიზეზად კი „რესპუბლიკაში“ კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავება და რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ბრალდება დასახელდა.
კონკრეტულად კი საუბარია იმაზე, რომ მინისტრი თანამშრომლებს ემუქრებოდა, რომ მათ რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიეღოთ. ოპოზიციამ ამ მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერიც გაავრცელა.
სამშაბათის აქციის დროს მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ „მინისტრის“ სახლში გაშვების გარეშე ისინი არ დაიშლებოდნენ.
თავდაპირველად ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ოპოზიციის პროვოკაციას არ აჰყვებოდა და მათი მოთხოვნებიდან მხოლოდ იმ ნაწილს შეასრულებდა, რომელიც საარჩევნოდ ვადაგასული პასპორტების დაშვებას გულისხმობდა. თუმცა მას შემდეგ, რაც აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა, ხაჯიმბამ „სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით“ „მინისტრს“ უფლებამოსილება დროებით შეუჩერა, „პროკურატურის“ მოკვლევის დასრულებამდე.
ხაჯიმბას ეს გადაწყვეტილება შეკრებილებს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ გააცნო, რის შედეგაც აქცია დაიშალა.
მარტის დასაწყისში 46-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა მოითხოვა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვაზე რეფერენდუმის ჩატარება და ცესკოში განაცხადი შეიტანა. მიზეზად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა დასახელდა. დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რეფერენდუმი 10 ივლისისთვის დანიშნა, სადაც უნდა უნდა დაისვას შეკითხვა – „ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“.
ახლა ოპოზიცია აპროტესტებს იმას, რომ ხაჯიმბამ რეფერენდუმი შუა ზაფხულში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის იმედით გამოაცხადა. გარდა ამისა პრობლემაა ის, რომ არჩევნებში მონაწილეობას ყველა აფხაზი ვერ მიიღებს, რადგან ბევრი მათგანის პასპორტს ვადა აქვს გასული და ჯერ ახალი პასპორტების დარიგება წესიერად არც დაწყებულა.რეფერენდუმი კი დე ფაქტო კანონმდებლობით ჩატარებულად მხოლოდ მაშინ ითვლება, თუ მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 50% მაინც იღებს. ამას ემატება ისიც, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მოსახლეობის დაშინებაშიც ადანაშაულებს. ამდენად, არასაკმარისი პასპორტებისა და მუქარის შედეგად დიდი ალბათობაა, რომ რეფერენდუმზე ძალიან დაბალი აქტივობა იყოს და ის ჩატარებულად არც ჩაითვალოს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.