„მინდა ვისწავლო და მასწავლებელი გამოვიდე. რომ არ ვისწავლო, ვიცი, რომ მომავალში ცხოვრება გამიჭირდება. იმის გამო, რომ ჰიჯაბს ვატარებ, სკოლაში აღარ დამიშვეს. არ ვიცი, ამის შემდეგ რა მოხდება. მინდა, რომ სკოლაში ჩემს კლასელებთან ერთად წავიდე,” – ამბობს 13 წლის აიშა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს. სკოლის დირექტორმა, ელზა აშუროვამ ის ჰიჯაბის გამო სკოლაში არ დაუშვა.
„რელიგიის და მუსლიმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. სკოლას აქვს შინაგანაწესი, რომლის ერთ–ერთ პუნქტშიც წერია, რომ მოსწავლეს სკოლის შენობაში კეპიანი ქუდით, ბენდენით, სათვალით, შარფით და სხვა სახის თავსახვევით გამოცხადება ეკრძალება,“ – აცხადებს აშუროვა.
სკოლის დირექტორის თქმით, აიშას ჰიჯაბის ტარებას ოჯახი აიძულებს. „ყარაჯალაში მცხოვრები ქალები ტრადიციულად ჰიჯაბს არ ატარებენ. გასულ წელს არც აიშა დადიოდა რელიგიური თავსაბურავით. გარდა იმისა, რომ წელს ის სკოლაში ჰიჯაბით მოვიდა, სპორტის და მუსიკის გაკვეთილებში მონაწილეობაზეც უარი თქვა. როცა მიზეზი ვკითხე, თქვა, რომ მამა უკრძალავს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა განათლება მიიღოს. ვეცდები, რომ აიშას მშობლებს მოველაპარაკო და ეს პრობლემა როგორმე მოვაგვაროთ.”
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 10,7% – დაახლოებით 399 ათასამდე ადამიანი, მუსლიმია. აქედან 333 ათასი ეთნიკური აზერბაიჯანელია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მუსლიმური ტრადიციის შესაბამისად, გოგონამ 14 წლის ასაკიდან ჰიჯაბი უნდა ატაროს.
აიშას მშობლები სკოლის დირექციას ბავშვის რელიგიური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. „ტყუილია, რომ მე ბავშვზე ზეწოლას ვახდენ. ჩემი შვილი რელიგიურ ოჯახში იზრდება და იცის, რომ 14 წლის ასაკიდან ჰიჯაბი უნდა ატაროს. აიშა კარგი მოსწავლეა. ის სკოლის სახელით გამართულ ბევრ კონკურსში მონაწილეობდა და ბევრი პრიზი და სიგელი აქვს აღებული. მინდა, რომ ჩემმა შვილმა განათლება მიიღოს. ეს პრობლემაც მხოლოდ ამ მიზნით ვაქციეთ განხილვის საგნად. ხედავთ ამ გზებს? – გვეკითხება აიშას მამა, თაჰირი და სოფლის ოღროჩოღრო გზაზე გვითითებს, – ამ გზებზე ზამთარში გავლა შეუძლებელია. აიშას მხრებზე შემოვისვამდი-ხოლმე და სკოლაში ისე დამყავდა. ჩემი – მამის მოვალეობაა, რომ შვილს ვასწავლო და დირექტორმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს.”
გასულ წელს ყარაჯალის სკოლაში ჰიჯაბით სიარულზე უარი უთხრეს 14 წლის მირანდასაც. „მას შემდეგ სკოლაში აღარ დავდივარ. მინდა, რომ ჩემი კლასელებივით მეც ვსწავლობდე,” – ამბობს მირანდა.
მირანდას 13 წლის და ჰყავს, ელვირა. როცა ის სკოლაში მიდის, სახლიდან გასვლის წინ ჰიჯაბს იხსნის. „მამა მაძლევს უფლებას, რომ სკოლაში ჰიჯაბის გარეშე ვიარო, რადგან ჯერ 13 წლის ვარ. ძალიან მინდა, რომ სკოლა დავამთავრო. თუ სკოლაში ჰიჯაბით ყოფნის უფლებას არ მოგვცემენ, მომავალ წელს მირანდას მსგავსად სწავლის შეწყვეტა, ალბათ, მეც მომიწევს,” – გვიხსნის ელვირა.
ელვირას და მირანდას მამა, ნოდარ ა. ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ჰიჯაბის გარეშე სკოლაში სიარულის უფლებას არცერთ შვილს არ მისცემს:
„ჩემი ორივე შვილი ჰიჯაბს ატარებს. ახლა სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში ისინი თავსაბურავის გარეშე უნდა მივიდნენ. ამას ჩემი არცერთი შვილი არ გააკეთებს! ახლა ელვირას იმიტომ ვაძლევ სკოლაში ჰიჯაბის გარეშე სიარულის უფლებას, რომ 13 წლისაა. მომავალ წელს ის 14 წლის გახდება და თუ სკოლის დირექტორი ისევ თავის აზრზე დარჩება, სკოლაში არც ელვირას გავუშვებ. ჩემი შვილები სკოლაში ჰიჯაბის გარეშე არ ივლიან!”
ყარაჯალის საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა. წერილში აღნიშნულია, რომ: „კანონმდებლობის შესაბამისად, სკოლას უნდა ჰქონდეს შინაგანაწესი, რომელიც არეგულირებს სასკოლო ცხოვრებას. შინაგანაწესის თანახმად, რომელიც ყარაჯალის საჯარო სკოლაში მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცდა, აკრძალულია სკოლაში ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება. სამწუხაროა, რომ სკოლის შინაგანაწესში ჩაწერილი თავსახვევის ამკრძალავი ზოგადი წესი განიმარტა რწმენის თავისუფლების შეზღუდვად. სამინისტრო მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ამ საკითხის რელიგიურ ჭრილში განხილვისგან და ხელი შეუწყონ ვითარების მშვიდ რეჟიმში მოგვარებას.”
ყარაჯალამდე ასეთივე შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეშიც მოხდა. მოხეს საჯარო სკოლის დირექტორმა მუსლიმ მოსწავლე გოგონას სკოლაში ჰიჯაბით სიარულზე უარის თქმა მოსთხოვა. ამ შემთხვევას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. მან განათლების სამინისტროს წინადადებითაც მიმართა. სახალხო დამცველი მიიჩნია, რომ „ამგვარი მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და გაუმართლებლად ზღუდავს მოსწავლის რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებას”.
ირღვევა თუ არა ბავშვის რელიგიური გამოხატვის თავისუფლება?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი დღეს საქართველოში არ არსებობს. არ არსებობს ერთგვარი პრაქტიკა არც მსოფლიოში: გააჩნია, რომელ ქვეყანაში იზღუდება გამოხატვის თავისუფლება და როგორია ამ ქვეყნის კანონმდებლობა. თუმცა, არსებობს ერთი მსგავსი შემთხვევა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. მაგალითად, ასეთია საქმე „ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ.” 1998 წლის თებერვალში, სტამბოლის უნივერსიტეტში სტუდენტები გააფრთხილეს, რომ ის, ვისაც რელიგიური თავსაბურავი ან გრძელი წვერი ექნებოდა, ლექციებს ვეღარ დაესწრებოდა. ლეილა საჰინი მაშინ სამედიცინო ფაკულტეტის მე-5 კურსზე სწავლობდა. იმის გამო, რომ მან უარი თქვა სასწავლებელში რელიგიური თავსაბურავის გარეშე სიარულზე, ის აუდიტორიაში და გამოცდებზე აღარ დაუშვეს. ლეილამ მიიჩნია, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება დაირღვა და ევროსასამართლოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რელიგიური თავისუფლება მართლაც შეიზღუდა, მაგრამ ეს შეზღუდვა იყო პროპორციული და რაც მთავარია, ის შეესაბამებოდა კანონს და სახელმწიფოს და უნივერსიტეტის მთავარ მიზანს – სეკულარიზმის დაცვას.
ყარაჯალელი მშობლები სასამართლოსთვის მიმართვას არ აპირებენ. სანამ საქართველოში იმაზე მსჯელობენ, ირღვევა თუ არა საჯარო სკოლებში ბავშვის რელიგიური გამოხატვის თავისუფლება, განათლების სამინისტრო კი “ვითარების მშვიდ რეჟიმში მოგვარებას” ელოდება, ორი ყარაჯალელი გოგონა – აიშა და მირანდა სკოლის და განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე დარჩა.
„ბავშვთა უფლებების კონვენციის ყველა ხელმომწერი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, აღიარებს, რომ განათლების უფლება ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის, გამონაკლისის გარეშე,” – აცხადებს UNICEF Georgia-ს კომუნიკაციების პროგრამის მენეჯერი მაია ქურციკიძე და დასძენს, რომ სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ განათლების ფუნდამენტური უფლება არცერთი ბავშვისთვის არ დაირღვეს.
ნურანა მამადი
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.