wvrtna

(Tass.ru)

რუსეთმა მასშტაბური სამხედრო-სარაკეტო წვრთნები „კავკაზ-2016“ დაიწყო. სწავლება მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში და ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ანექსირებულ ყირიმში და სომხეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, არტილერისტები სარაკეტო კომპლექსების, „გრადებისა“ და „ისკანდერ -ემ“-ების გამოყენების უნარ-ჩვევებს ამუშავებენ. აქტიურად იქნება გამოყენებული ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. წვრთნა 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„გასული, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საარტილერიო ამოცანების შესულებაში უპილოტოების გამოყენების ინტენსივობა 3-ჯერ გაიზარდა“, – ნათქვამია სამხრეთის სამხედრო ოლქის განცხადებაში.

სულ 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში 11 ათასზე მეტი  სარაკეტო ძალების სამხედრო მოსამსახურე, 2 200 ერთეული ტექნიკა, 300-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი, ზალპური ცეცხლის 200-მდე რეაქტიული სისტემა და 400-მდე ნაღმმტყორცნი მონაწილეობს.

ექსმინისტრ თინა ხიდაშელის ყოფილი მრჩეველი, თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე DFWatch-თან საუბრისას აცხადებს, რომ ომის წარმოებისას უპილოტოების გამოყენება თანამედროვე ტენდენციაა და ამიტომაც რუსეთი კუნთების დემონსტირებას ამ თანამედროვე სისტემებით ცდილობს.

„როგორც გასულ საუკუნის 20-იანი წლებიდან ტანკი იყო ომის წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, ასევეა ახლა უპილოტოები. თანამედროვე ტენდენციაზე დაყრდნობით უპილოტოებით, ამ მაღალტექნოლოგიური სისტემებით, ხდება საარტილერიო ცეხლის მართვა, რაც ითვალისწინებს დაზვერვას, მოწინააღმდეგის აღმოჩენას, რთულ ადგილებსა და რთულ პირობებში სარაკეტო შეტევის განხორციელებას. ასევე ბრძანების გაცემის კომპიუტერიზაციას. ამ სწავლებისას ხდება ამ სისტემის საარტილერიო სისტემებთან ინტეგრირება. ეს ერთ-ერთი ნოუ-ჰაუა. ამიტომაც ხდება ამ საბრძოლო-ტაქტიკური ილეთის გამოყენება-დამუშავება სასწავლი რეჟიმში. პარალელურად პროპაგანდისტული მანქანაც მუშაობს და ეს არის რუსეთის მესიჯი მოწინააღმდეგის მიმართ, რომ ის ამ მიმართულებითაც წინ მიდის და ითვისებს ამ თანამედროვე, მნიშვნელოვან ტაქტიკურ ელემენტებს,“- აღნიშნავს თავდგირიძე.

მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო სწავლება ყოველწლიურად ხდება, ეს ჩვენი მხრიდან პროტესტს მუდმივად იწვევს, თუმცა ამის მიუხედავად თბილისის მხრიდან რაიმე ტიპის ძალისმიერი რეაგირება გონივრული არ იქნება.