აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები ამერიკული გამომცემლობის Krause-ს ნუმიზმატურ კატალოგში მოხვდა.
როგორც „სპუტნიკ-აფხაზია“ წერს, ამერიკული გამომცემლობა ოკუპირებულ აფხაზეთს “რესპუბლიკად” მოიხსენიებს, ხოლო რუკაზე, რომელიც ასევე Krause-ს ფურცლებზე დაიბეჭდა, აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიისგან გამოყოფილია.
“სპუტნიკის” ინფორმაციით, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო ნუმიზმატურ კატალოგს არაღიარებული ქვეყნებისთვის ცალკე კატალოგი აქვს განკუთვნილი, მონეტების და რუკის ეს ფოტომასალა 2019 წლის სტანდარტულ კატალოგში მოხვდა.
სოხუმში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის დირექტორი ბესლან ბარათელია „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჟურნალის პირველივე გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ. ქვეთავი კი დასათაურებულია ასე – „აფხაზეთის რესპუბლიკა“.
„გილოცავთ ყველას ამ მოვლენას, რომელიც დიდი ხნის ძალისხმევის შედეგია. აფხაზეთის ბანკი განაგრძობს მუშაობას სამახსოვრო მონეტების – აპსარის პოპულარიზაციისთვის,“ – წერს ბესლან ბარათელია.
ცნობისთვის, აფხაზური ე.წ. ეროვნული ბანკი 63 მონეტას ითვლის და 2018 წელს კიდევ ერთი დაემატა – საიუბილეო „აიააირა 25“, რომელიც საქართველოსთან „გამარჯვების“ 25 წლისთავს მიეძღვნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკული გამომცემლობის Krause ნუმიზმატურ კატალოგში აფხაზური მონეტების გამოქვეყნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
საგარეო უწყება კი აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები.
„გთხოვთ, გაეცნოთ მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის სრულ ელექტრონულ ვერსიას, რომელიც ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა, თითქოს კატალოგის ქვეყნების ინდექსში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით იყოს შეტანილი მონეტები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან, სინამდვილეს არ შეესაბამება. მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის ელექტრონულ ვერსიაში მოხსენიებულიც კი არ არის აფხაზეთის რეგიონი. კატალოგი არის ონლაინ გაყიდვაში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის,“- აცხადებენ საგარეო უწყებაში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.