თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდება და მოხდება უკვე გაცემული ნებართვების დეტალური შესწავლა.
მისი თქმით, უკვე გაცემულია ნებართვები კოლოსალური რაოდენობის მშენებლობაზე, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.
„მინდა გული გაგიხეთქოთ: უკვე გაცემულია, და ჯერ არ აშენებულა, 6,5 მილიონი კვადრატული მეტრის სამშენებლო ნებართვები. ეს, იცით, რა რაოდენობაა? ეს არის, დაახლოებით, კიდევ ერთი თბილისის აშენება. მოსკოვში, რომელიც არის 10-ჯერ უფრო დიდი ქალაქი, სადაც რამდენჯერმე უფრო მდიდარი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე თბილისში, 3 მილიონ კვადრატულ მეტრს ვერ ყიდიან წელიწადში. ჩვენ 6,5 მილიონი კვ.მ. როგორ უნდა გავყიდოთ, არ ვიცი,“ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარასკევს ფეისბუქით გადაცემულ ვიდეო კონფერენციაზე (16:40).
„შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მოხდება (მშენებლობაზე) მორატორიუმის გამოცხადება და ყველა სამშენებლო ნებართვის დეტალური რევიზია. სამშენებლო ნებართვები, რომლებიც არღვევს წესებს, არღვევს კანონებს და ქალაქის და ხალხის ინტერესებს, აუცილებლად გაუქმდება – ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ.
„როდესაც საკრებულოში მივედი, პირველი, რასაც ვამბობდი, (მშენებლობაზე) მორატორიუმი უნდა გამოცხადებულიყო და მოგვეხდინა რევიზია იმ ნებართვების, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ (2014 წლის) თვითმმართველობის არჩევნების წინ გასცა. ეს მაშინ რომ გაეკეთებინა ნარმანიას და „ქართულ ოცნებას“, დღეს ეს მძიმე შედეგი არ გვექნებოდა.“
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.