პოლიტიკიდან დროებით წასული ირაკლი ალასანია შესაძლოა სულ მალე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოჩნდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის ვაკანტური პოსტზე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერს განიხილავს.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ეკა მიშველაძე DFAWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ ჯერ მოლაპარაკება არავისთან დაწყებულა.
„როგორც კი იქნება გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტი თავად გამცნობთ ყველას. ამ ეტაპზე არავის კანდიდატურა არ განხილულა,“ – ამბობს მიშველაძე.
უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ გამოთავისუფლდა, რაც გიორგი მარგველაშვილმა საბჭოს ხელმძღვანელი ირინა იმერლიშვილი 10 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა.
ირაკლი ალასანიამ კი პოლიტიკიდან დროებით წასვლაზე გადაწყვეტილება არჩევნებიდან ორ დღეში, 10 ოქტომბერს სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა და მიზეზად არჩევნებში პარტიის დამარცხება დაასახელა. მან ასევე უარი თქვა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გაეგრძელებინა ბრძოლა გორში, სადაც ის „ქართული ოცნების“ კანდიდატს უნდა დაპირისპირებდა.
ალასანია აღნიშნავს, რომ პოლიტიკიდან დროებით მიდის, მაგრამ პარტიის თავმჯდომარედ რჩება. „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები ასევე დატოვეს სხვა ლიდერებმაც – ალექსი პეტრიაშვილმა, ზურაბ აბაშიძემ, დავით ონოფრიშვილმა, გია ცაგარეიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, მმართველი პარტია ამ პროცესში ჩართული არ არის, რადგან ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
საუბარია იმაზეც, რომ პარტიიდან წამოსულმა სხვა ყოფილმა „თავისუფალმა დემოკრატებაც“ – ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ და ირაკლი ჩოქოვანმაც – შეიძლება მიიღონ თანამდებობის შეთავაზება, ოღონდ არა პრეზიდენტისგან, არამედ „ოცნებისგან“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის ხელმძღვანელებად ან რომელიმე ქვეყანაში ელჩის თანამდებობაზე. მათგან „ქართულ ოცნებასთან“ თამაშრომლობას არც ერთი არ გამორიცხავს, თუმცა რაიმე შეთავაზებას ამ ეტაპზე უარყოფენ.
ვიქტორ დოლიძის თქმით, პოლიტიკაში ყოფნისას არ გამორიცხავდა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას და „ბუნებრივია არც ახლა გამორიცხავს“. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ „არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“ და ის მხოლოდ ერთი რამეა გამორიცხული, ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასდროს არ იქნება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.