20150704_213631

​School in Gal, taken in August 2015 (DFWatch)

გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის 97% ქართველია, დღეს ერთი სკოლაც არ არის, სადაც სწავლება ქართულადაა დაშვებული.

ქართველ ბავშვებს, რომლებმაც რუსულს არ ან ძალიან ცუდად ფლობენ, ყველა საგნის სწავლა სწორედ ამ ენაზე უწევთ. უფრო მეტიც, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მასწავლებლებს აკრძალული  აქვთ, რომ მოსწავლეებს გაუგებარი რუსული სიტყვები ქართულად აუხსნან.

20150706_160549

​School in Gal, taken in August 2015 (DFWatch)

როგორც გალის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ DFWath-ს უთხრა, ბოლო ორ წელია ძალიან გამძაფრდა ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და თუკი გალის ქვედა ზონის 11 სკოლა მაინც ინარჩუნებდა ქართული სკოლის სტატუსს, 2015 წლის სექტემბრიდან ამ შემორჩენილ 11 ქართულ სკოლაშიც კი სწავლება რუსულად დაიწყო და პირველ კლასში მისულ ბავშვებს ქართული „დედა ენის“ ნაცვლად რუსული ანბანი დახვდათ.

შონიას თქმით, აფხაზური ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებამ ხარისხიანი განათლების მიღება გაართულა და მასწავლებლებისა და მოსწავლეების უფლებები შელახა, რომლებმაც რუსული კარგად არ იციან.

„მოსწავლეებს ძალიან უჭირთ საგნების მათთვის აბსოლუტურად უცხო ენაზე სწავლა. თავად მასწავლებლებმაც კი არ იციან რუსული ენა ისე კარგად, რომ საგნები სრულფასოვნად ასწავლონ. ამან გამოიწვია არა მარტო ცოდნის ხარისხის შემცირებას ბავშვებში, არამედ მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც იმოქმედა. სრულიად უცხო ენაზე გაკვეთილების დაზეპირება და გაგება აბსოლუტურად წარმოუდგენელია,“- აღნიშნავს შონია.

ამბობს, რომ არის დაშინების და მუქარის ფაქტები. სკოლებში გაკვეთილებზე მოულოდნელად შედიან აფხაზი ჩინოვნიკები იმის შესამოწმებლად, რა ენაზე და რა სახელმძღვანელოებით ხდება სწავლება.

„მასწავლებლები მკაცრად არიან გაფრთხილებულები, რომ მხოლოდ რუსულ ენაზე უნდა წარმართონ გაკვეთილები, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილის დატოვებით ემუქრებიან. იყო შემთხვევები, როდესაც ქართული ღონისძიებების ჩატარების გამო პედაგოგებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში დასდეს ბრალი და სამსახურიდან გაათავისუფლეს. იყო შემთხვევები, როდესაც გალის რაიონიც კი დაატოვებინეს. რამდენიმე მოსწავლემ ამის გამო გალის რაიონი დატოვა და ენგურს გამოღმა გადმოვიდა სასწავლებლად. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აქვთ ინფორაცია, რომ 2015-2016 სასწავლო წლების პირველ სემესტრში 54 მოსწავლე გადავიდა ენგურს გამოღმა სასწავლებლად, მეორე სემესტრში კი – 11,“ – ამბობს შონია.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე გალის რაიონს ეკუთვნოდა, 31 ქართული სკოლა იყო. 2008 წლის შემდეგ რაიონის ტერიტორიაზე 20 სკოლა რუსულად სკოლის სტატუსი. ხოლო ე.წ ქვედა ზონის 11 სკოლას ჰქონდა ქართული სკოლის სტატუსი. სიტუაცია გაუარესდა 2015-2016 სასწავლო წლიდან, როცა ეს სკოლებიც ოფიციალურად რუსულენოვან სწავლებაზე გადაიყვანეს.

20150704_214118

DFWatch

ახლა ე.წ. ქვედა ზონის 11-ვე სკოლაში 1-დან 4 კლასის ჩათვლით ყველა საგანი მთლიანად რუსულ ენაზე ისწავლება. ქართულ ენას, როგორც რიგით საგანს გამოეყოფა კვირაში მხოლოდ 3 საათი. 5-7 კლასებში საგნების ნაწილი – ქართულად და ნაწილი რუსულად ისწავლება. მაღალ, 8-11, კლასებში საგნების სწავლება მთლიანად რუსულადაა, ქართული ენას კი კვირაში 2 საათი ეთმობა.

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის განათლების დე ფაქტო მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამიამ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას გალის დაბალის ზონის სკოლებში აფხაზური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათი გეგმით,უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ყველა კლასში სწავლების პროცესი რუსულ ენაზე წარიმართება.

მისივე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ მანამდე გალის დაბალის ზონის სკოლებში საქართველოს განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამა მოქმედებდა, რის გამოც “ბავშვები მკაფიოდ იყვნენ ორიენტირებული განათლების საქართველოში მიღებაზე”.

“დღეს, ამ ბავშვებს აქვთ პერსპექტივა ისწავლონ ჩვენს უნივერსიტეტში ან სწავლა გააგრძელონ ლიმიტებით. მათთვის ეს შესაძლებლობები გაიხსნება,” – დასძინა გვარამიამ.

„მიზანმიმართულად მოქმედებენ და სულ მალე, 2-3 წელიწადში, სკოლაში სწავლა მხოლოდ რუსულად იქნება,“ – ამბობს შონია.

გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში მდებარე 31-ვე სკოლაში დღეის მდგომარეობით 4 428 მოსწავლე სწავლობს და 750 მასწავლებელი მუშაობს. ამ 4 428 მოსწავლიდან 4 342, ანუ 97%, ქართველია. 750 მასწავლებლიდან ქართველია 672.

მიუხედავად ამისა, რომ სწავლება რუსეთის ფედერაციაში გამოშვებული მოძველებული სახელმძღვანელოთი მიმდინარეობს. ქართული წიგნების შეტანა მალულად ხდება და მასწავლებლები, სამსახურის დაკარგვის შიშის მიუხედავად, ცდილობენ მოსწავლეებს საგნები დამატებით ქართულად აუხსნან. როგორც შონია აცხადებს, არა მარტო ქართულად სწავლება, არამედ ქართულად სიმღერა და ცეკვაც კი აკრძალულია. ზოგიერთ სკოლაში კი აფხაზი ხელმძღვანელობა ბავშვებს გაკვეთილის გარეთ, სკოლის ეზოშიც, უკრძალავს ქართულად ლაპარაკს.

ნონა შონიას თქმით, ადრე საუბარი იყო მეგრული სწავლების შემოღებაზეც.

2013 წელს მეგრული „დედა ენაც“ დაიბეჭდა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობაში ამას დაინტერესება არ მოჰყვა და ეს იდეა თავისით ჩაკვდა. თუმცა დღესაც, აფხაზები ადგილობრივ ბავშვებსა და მასწავლებლებს ეუბნებიან, გაკვეთილზე რამეს თუ ვერ გაიგებთ, რუსულიდან მეგრულად თარგმეთ და არა ქართულადო.