რესპუბლიკური პარტია კოალიციაში რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრის მიზეზი კი პრემიერის განცხადება გახდა, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს, „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“, პრობლემის კოალიციის შიგნით განხილვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რესპუბლიკური პარტია კოალიციასთან სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში რჩება და ძალიან მალე რესპუბლიკური პარტია და პარტია „ქართული ოცნება“ თანამშრომლობის ორპარტიულ დოკუმენტს გააფორმებენ.
„შეხვედრა საქმიანი და უკიდურესად კეთილგანწყობილი იყო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ რესპუბლიკური პარტია და პარტია „ქართული ოცნება” სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით. მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მომავალზე იქნება მიმართული იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც წარმატებით შეასრულოს,“ – აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ „რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის წარმოქმნილი დაპირისპირების და ამ ორი პარტიის შემდგომი ურთიერთობის თაობაზე განმარტებები არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და „რესპუბლიკელების“ შეხვედრა, დაახლოებით, ერთი საათს გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ რესპუბლიკური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრემიერის განცხადების ერთ-ერთი ადრესატი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პოლიტიკური მდივანი, დეპუტატი დავით ბერძენიშვილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.