ხუთშაბათს 9 საათზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, პრემიერს მთავრობის შენობაში უნდა შეხვდნენ. ეს შეხვედრა რესპუბლიკურმა პარტიამ საგანგებო რეჟიმში მოითხოვა მას შემდეგ, რაც ამავე დღის პირველ ნახევარში კვირიკაშვილმა თოფაძე-ხიდაშელის დაპირისპირების მორიგ ესკალაციას საგანგებო და ამჯერად საკმაოდ მწვავე განცხადება მიუძღვნა, სადაც ორივე დაპირისპირებული მხარე გააკრიტიკა, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრი. ეს განცხადება ბევრმა მიმომხილველმა ირიბად გათავისუფლების მუქარადაც შეაფასა.
რესპუბლიკურმა პარტია ფეისბუქზე პრემიერის განცხადებას ამავე სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ტექსტში, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ „მოულოდნელად შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში სიცხადის შესატანად“, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაინიშნა პარტიის უფლებამოსილი პირების შეხვედრა, რომელიც გაიმართება დღესვე.
„რესპუბლიკური პარტია კომენტარებს აღნიშნულ შეხვედრამდე არ გააკეთებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
„რესპუბლიკელებისაგან“ განსხვავებით პრემიერის საგანგებო განცხადებით კმაყოფილები არიან „მრეწველები“.
„პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე“ ეთანხმება კვირიკაშვილის განცხადებას პარტია „მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე.
„განცხადებაში პრემიერი არსად არ ახსენებს თოფაძეს. მე ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, ვიზიარებ მის სულისკვეთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი უნდა შეწყდეს და ის პოლიტსაბჭომ უნდა განიხილოს. (საბოლოო) გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. ასევე წინასწარ ვუდასტურებ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც პრემიერ-მინისტრი მიიღებს, ჩვენ დავემორჩილებით,“- აცხადებს DFWatch-თან საუბრისას ტყემალაძე.
პრემიერის განცხადება ობიექტურად და სწორ ანალიზად შეაფასა ერთ-ერთმა ადრესატმა, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძემაც, რომელიც მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ „ამ დღეებში შეიკრიბებიან პოლიტსაბჭოზე და იქ გადაწყდება ყველაფერი, ვინ მართალია და ვინ – დანაშავე“.
პრემიერმა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაზე „ფეისბუქში“ საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა, რადგანაც თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.