თუ „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციურ ფორმატში გავა, ის მკაფიო მიზნების გარშემო იქნება გაერთიანებული, განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  პარასკევს მთავრობის სხდომაზე. government

ამასთანავე, მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის „მნიშვნელოვანწილად განახლდება“.

პრემიერმა ხუთშაბათს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკელებთან“ ორპარტიულ, სტრატეგიულ თანამშრომლობას აპირებს . თუმცა რას გულისხმობს, ეს სტრატეგიული თანამშრომლობა, არ დაუკონკრეტებია.

პრემიერის ამ განცხადებას წინ უსწრებდა კოალიციაში „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის დაპირისპირება, რაც, ბევრი მიმომხილველის აზრით, მათი განსხვავებული საგარეო-პოლიტიკური მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს. „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე და პარტია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაზე ხშირად კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.

ამის გამო ბევრი პოლიტიკოსი, ასევე ექსპერტები და არასამთავრობოები მუდმივად საუბრობდნენ, რომ კოალიციია  ქვეყნის საგარეო კურსზე ერთიანი არაა. შესაბამისად, კოალიციის დაშლის შესახებ  ვარაუდები და მოლოდინიც  მუდმივად არსებობდა.

ხუთშაბათს გიორგი კვირიკაშვილი თავის განცხადებაში  ამ ეჭვების გაბათილებას შეეცადა, განაცხადა, რომ  საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული „სტალინისტური სენტენციები“.

„ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს,“ განაცხადა პრემიერმა.