ცხენშებმულ ოთხთვალებს, რომლებიც წლების განმავლობაში გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, ნელ-ნელა მიკროავტობუსები ანაცვლებს, რაც „ტაჩკების“ მეპატრონეების დაუფარავ უკმაყოფილებას იწვევს.
დღეს ენგურის ხიდზე მგზავრები დამატებით სამ მიკროავტობუსს გადაჰყავს. შესაბამისად, „ტაჩკებზე“ მოთხოვნამაც საგრძნობლად იკლო.
განსხვავებულია ფასებიც: „ტაჩკით“ მგზავრობა ერთ სულზე 1 ლარი ჯდება, ასევე ლარი ღირს ერთი დიდი ჩანთის გადატანაც. რაც შეეხება მიკროავტობუსის ფასს, მგზავრობის ფასი 2 ლარია, ჩანთის გადატანა კი ოფიციალურად უფასოა, თუმცა, როგორც თავად მგზავრები ამბობენ, მძღოლები ხშირად ამ მომსახურებისთვისაც იღებენ თანხას.
ერთი მიკროავტობუსი გაერო-ს ინიციატივით მუშაობს და მისი მომსახურება უფასოა, თუმცა მას თითქმის არავინ ელოდება, რადგან იშვიათად მოძრაობს.
მგზავრების შემცირება, რასაკვირველია, ურმების მეპატრონეებში უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, მიკროავტობუსების ბიზნეს ცნობილი ბიზნესმენი დათო შენგელია კურირებს, ამიტომ შეწინააღმდეგების ბერკეტი არ გააჩნიათ. შეგახსენებთ, რომ შენგელია 1990-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმების“ მეთაური იყო.
„ცხენით და „ტაჩკით“ დღეში უამრავი ადამიანი გადაგვყავდა და ეს საკმაოდ დიდი შემოსავალი იყო ჩვენთვის, თუმცა, რაც „მარშუტკები“ შემოიყვანეს, მგზავრების რაოდენობამ იკლო და ალბათ მალე საერთოდ არ ექნება აქ დგომას აზრი. ჩვენი ფასი შედარებით დაბალია, მაგრამ ურემი ღიაა და, განსაკუთრებით ცივ ამინდში, რასაკვირველია, ხალხი „მარშუტკას“ ამჯობინებს, ხოლო თუ კარგი ამინდია, დიდი ნაწილი, ისედაც ფეხით გადადის ხიდზე,“ – უთხრა DFWatch-ს ერთ-ერთი „ტაჩკის“ პატრონმა.
მისი კოლეგები ამბობენ, რომ მიკროავტობუსების მძღოლები დაქირავებულები არიან და დღიურად 60 ლარს იღებენ ანაზღაურების სახით; თავად მიკროავტობუსები კი, აფხაზების მოთხოვნით, ორივე მხარესაა გაფორმებული, რადგან აფხაზები ქართული სანომრე ნიშნებით მუშაობის საშუალებას არ იძლევიან.
კულუარებში ასევე მიდის საუბარი „საზღვრისპირა“ ფასიანი ავტოსადგომის მოწყობაზე, რითაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ასევე დათო შენგელიაა დაინტერსებული, თუმცა ჯერჯერობით ამის მზადება არ შეინიშნება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.