gogi_topadze_croppedსაპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველების” თავმჯდომარეს გოგი თოფაძეს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. როგორც ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი აცხადებს, თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს და გოგი თოფაძის განცხადებები ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლო და ანტიქართული კამპანიის ნაწილია.

ბერძენიშვილმა კოალიციაში შემავალ პარტიებს თოფაძის ბრალდებებზე რეაგირებისაკენ მოუწოდა, რასაც ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.

“ამ თემაზე პოლიტსაბჭოზეც ვისაუბრეთ, მაგრამ მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ორკესტრირებული კამპანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ და სამიზნედ შერჩეული იქნა ამ ევროატლანტიკურ ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირი,” – განაცხდა დავით ბერძენიშვილმა პლენარულ სხდომაზე  და იქვე  აღნიშნა, რომ პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ უნდა თქვას, რას ფიქრობს თანაპარტიელის განცხადებებზე.

„არავითარ შუაშია საგარეჯოს არჩევნები, რომელზეც პასუხი გაცემული ყველა ინსტანციის მიერ. ტელეკომპანია „ობიექტივში“ ჟურნალისტმა სცადა, რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ კამპანია გაემიჯნა, მაგრამ არა, პერსონალურად თინათინ ხიდაშელია მის სამიზნედ ამოღებული. ვოლსკი გამობრძანდა და არ შეეხო ამ თემას, ალბათ ჟურნალისტებთან მსუყედ აპირებს განცხადების გაკეთებას“, – დასძინა ბერძენიშვილმა.

მისი ამ გამოსვლის შემდეგ ზურაბ ტყემალაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი სიტუაციის ჩაწყნარებას შეეცადა.

“კიდევ აქეთ მაქვს სასაყვედურო?!“ – განაცხადა გაღიზიანებულმა ბერძენიშვილმა სავარაუდოდ ვოლსკის მისამართით. დეპუტატები ადგილებს მანდატურების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ გოგი თოფაძესა და თინა ხიდაშელს შორის დაპირისპირება პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შეფასებიდან დაიწყო, სადაც თოფაძემ თქვა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარაო.ხიდაშელმა ამ გამოსვლას “გაუგებარი” უწოდა და დაამატა, რომ მას თოფაძე უკვე პარლამენტიდან წასულიც ეგონა.

თოფაძემ კი საპასუხოდ ხიდაშელი საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

“წესით და რიგით ხიდაშელმა მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა. ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, და ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე – სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან? ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა”, – განაცხადა გოგი თოფაძემ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში.

ამ განცხადებამ მაშინვე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა „რესპუბლიკელებმა“, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, განაცხადეს, თითქოს თოფაძეს მგავსი რამ არ უთქვამს, ხიდაშელმა კი ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვა.

თუმცა, თითქოს დაწყნარებული სიტუაციის მიუხედავად, სამშაბათს ტელეკომპანია “ობიექტივთან“ ვრცელ ინტერვიუში გოგი თოფაძემ ხიდაშელის წინააღმდეგ საკუთარი განცხადება დაადასტურა. გაიმეორა, რომ თავდაცვის მინისტრმა კანონი მართლაც დაარღვია და თავისი საქციელით კოალიციას ზიანი მიაყენა.

“ეს ჩვენი იმიჯის დაგდება იყო, რომ ასეთი თავხედური ნაბიჯი გადადგა თავდაცვის მინისტრმა. ეს დოკუმენტები ყველა ადგილზეა. არსებობს სასამართლო, არსებობს ძიება და უნდა დაამტკიცოს. ეს შემზარავი ფაქტია. ეს არ არის მარტო ჩემი აზრი. კასეტაც მაქვს, რგორ ერევა უნაბზე თინა ხიდაშელი, როგორ ტრაბახობს, მომენატრა ბიულეტენების დათვლაო და ითვლის“,- აცხადებს თოფაძე.

მისი თქმით, ის “რესპუბლიკელებზე“, როგორ პარტიაზე არ ლაპარაკობს, “კონკრეტულად  თინა ხიდაშელნმა მიაყენა კოალიციას ზიანი და ამაზე პასუხი უნდა მოეკითხოს“.

ის არ ადასტურებს ინფორმაცის იმაზე, რომ პოლიტსაბჭოში მისი ეს განცხადება განიხილეს და მისი გარიცხვის საკითხიც კი დაისვა.