ndiამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მორიგი კვლევის მიხედვით, დასაქმება, მზარდი ფასები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემატური  საკითხებია.

აღსანიშნავია, რომ პრომლემების პირველი ხუთეული 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 27% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. 17%-ის თქმით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 26%-ს თქმით – გაუარესდა, ხოლო  56% მიიჩნევს, რომ ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.

წინა კვლევის თანახმად კი, რომელიც გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა, 42% მიიჩნევდა, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა, 47% ამბობდა, რომ არ შეცვლილა. მხოლოდ 10 პროცენტს მიაჩნდა, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია. წინა კვლევების მსგავსად, მოსახლეობის უმრავლესობა (66%) თავს უმუშევრად მიიჩნევს. მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ორიენტირს, გამოკითხულთა 72%-სათვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი – საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, 18%-ისთვის კი ეს მიუღებელია. წინა კვლევის მიხედვით კი, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 77 %-ს შეადგენდა.

აპრილთან შედარებით შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას უჭერს მხარს. აპრილში ამას 68% ემხრობოდა, ახლა კი – 61%; 25% წინააღმდეგია.

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა (54%) მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი აპრილის შემდეგ არ შეცვლილა. სამაგიეროდ შემცირდა პრორუსული პოლიტიკის მომხრე ადამიანების რიცხვი – 27-დან 18%-მდე.

კვლევის საველე სამუშაო 2016 წლის 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტარდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

სულ 3 141 რესპონდენტი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.