Presentation of the poll (NDI)

Presentation of the poll (NDI)

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილებს, ფასების ზრდას და სიღარიბეს ასახელებს, – ასეთია  NDI-ის ბოლო  სოციოლოგიური  კვლევის შედეგი.  აქამდე კი მოსახლეობა ყველა კვლევაში ნომერ პირველ ეროვნულ საკითხად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ასახელებდა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა დაძლია.

NDI-მ სოციოლოგიური კვლევის  პრეზენტაცია ორშაბათს გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო კვლევის  სოციალური ნაწილი. პოლიტიკური რეიტინგების პრეზენტაცია ოთხშაბათს არის დაგეგმილი.

კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში  ჩატარდა და  საქართველოს მასშტაბით 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევის შედეგებიდან ყველაზე მოულოდნელი ეროვნული საკითხები გახდა, რადგან აქამდე ნომერ პირველ  ეროვნულ საკითხად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სახელდებოდა. ახლა კი ამ  თემამ 27%-ით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ სამ ადგილს კი სოციალური და ეკონომიკური საკითხები იკავებს.

შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, სამუშაო ადგილები გამოკითხულთა 66%-მა დაასახელა, ფასების ზრდა/ინფლაცია 43%-მა, სიღარიბე კი – 39%-მა. ეროვნულ საკითხებში შემდეგი ადგილები უჭირავს 27% – ტერიტორიულ მთლიანობა, 21% – პენსიები, 17%- ხელფასები, ასევე 17% – ხელმისაწვდომ ჯანდაცვა, 12% – რუსეთთან ურთიერთობა, 10% – განათლებას და ა.შ.

“ეს არ ნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მოსახლეობისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ის სხვა საკითხებმა გადაფარა,” – განაცხადა NDI-ს დირექტორმა, ლორა თორნტონმა.

თუმცა, როგორც „დფვოჩთან“  ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, „ეს  ამ ხელისუფლების უუნარო ქმედების შედეგია“.

„ერთი მხრივ ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა ეკონოკური ზრდისთვის და სწორედ ამან განაპირობა  მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ჩავარდნა, რაც, ცხადია, წინა რიგში წევს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. მეორე მხრივ კი, ამას ემატება ხელისუფლების პოლიტიკა  რუსეთთან მიმართებაში,“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყოფილი მმართველი ძალაა და  დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე ძლიერ ოპოზიციას წარმოადგენს,  მოქმედ ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებს როგორც  სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკაში, ასევე რუსეთთან მიმართებაში არასწორ პოლიტიკასა და ზოგადად  სუსტ  საგარეო პოლიტიკაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ, კვლევის თანახმად,  მოსახლეობის უმეტესობა თვლის, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ ახორციელებს. ასე გამოკითხულთა 50% ფიქრობს. 45%-ს კი მიაჩნია, რომ  ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

რაც შეეხება შეკითხვას, საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს განახორციელებდა თუ არა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, 51%-ის აზრით, ეს ასე არ იქნებოდა, 22% კი – აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება.

ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებებიდან კი მოსახლეობა ყველაზე მეტად  დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით არის კმაყოფილი.

კვლევაში მეორე მიმართულება დემოკრატიულ საკითხებს ეთმობა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

ამასთან,  გამოკითხულთა უმეტესობა – 43%  ფიქრობს,   მოქალაქეებს საქართველოში საკუთარი აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ.

მესამე მიმარტულება კი საგარეო პოლიტიკის მიმართუელბას ეთმობა.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობისთვის საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მიუღებელია. თუმცა, გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა წინა კვლევებთან შედარებით გაზრდილია.

შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს გაწევრიანება ევრაზიის კავშირში,  დადებითი პასუხი 31 %-მა გასცა. 41 %-მა აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია, დანარჩენებმა კი პასუხზე უარი თქვეს ან აირჩიეს კატეგორია “არ ვიცი”.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი,  გამოკითხულთა უმეტესობა –  65% დადებითად აფასებს, 20%-თვის კი ეს მიუღებელია.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა მისაღებია 68%-თვის, მიუღებელი კი 16%-თვისაა.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს,  თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე,  მას “სრულად ეთანხმება” 11 % და “ეთანხმება” 15 პროცენტი. არც ერთ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება 6 %,  არ იცის  17%-მა, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.