პროგრამაში ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”, სკოლისშემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში, გალის რაიონის ნამდვილი საზღვრებიდან მოსამზადებელში 140 სკოლადამთავრებული სწავლობს. გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძრვანელის ნონა შონიას ინფორმაციით, მათ შორის 68 – თსუ-ში, 72 კი ზუგდიდის შ. მესხიას სახ. უნივერსიტეტში სწავლობს.

„ამ აბიტურიენტებს ეძლევათ სტიპენდია 150 ლარის ოდენობით, 35 დაკმაყოფილებულია ამ უნივერსიტეტების საცხოვრებელი ფართით. ახალგაზრდები  უფასოდ ემზადებიან. ჩარიცხვის შემდგომ როგორც ოკუპირებული ტერიტორიის სკოლადამთავრებულები დაფინანსდებიან 2 250 ლარით. გამოცდას (ტესტირებას) კი გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაუტარებს“, – განუცხადა DFWatch-ს რესურსცენტრის ხემძღვანელმა.

ცნობისთვის, წლევანდელი კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩვეულებრივ, საერთო კონკურსით გადიან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გამართა.

პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას  თბილისსა და ზუგდიდში გაივლიან.

„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში  მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება. მოგეხსენებათ, მათ სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ. გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მსურველებს სრულიად უფასოდ და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან  და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. ეს პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებისათვის, არამედ ოსებისა და აფხაზებისათვისაც, ვინაიდან კურსები სხვადასხვა ენაზე წარიმართება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდა, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში.