„ეს არის კამპანიური მოქმედება, ამის უკან დგანან ძალები, თუმცა ეს ძალები უნდა ვეძებოთ არა კოალიციაში , არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ეს ძალები იმ კამპანიაში უნდა ვეძებოთ, რომელიც ქვეყანაში გააქტიურებულია და რომელიც ყველაფერს აკეთებს რომ ქვეყნის კურსი შეიცვალოს,“- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გოგი თოფაძის მიერ რესპუბლიკურ პარტიის და პირადად მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, “რუსთავი 2”-ის გადაცემა „არჩევანში“ თქვა.
„როდესაც ითქვა, რომ კურსი არაფერ შუაშია და თოფაძესა და ხიდაშელს შორის პიროვნული დაპირისპირებაა, გარკვეული კითხვები გამიჩნდა. ჩემს პირად მეგობარს, ირაკლი სესიაშვილს მივმართე კიდეც, როდესაც ამბობს, რომ ეს არის პიროვნული დაპირისპირება, იქნებ მოგვიყვეს, რას ფიქრობს სტალინზე და თუ ისიც იმას ფიქრობს, რასაც მე, მაშინ მასაც პიროვნული დაპირისპირება უნდა ჰქონდეს ადამიანთან, რომელიც ამბობს, რომ ყველა ოთახში სტალინის სურათები უნდა დავკიდოთ. სანამ შემიძლია, ამ ქვეყანას სტალინის სურათებიან ოთახებს არ დავუტოვებ,“ – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ხიდაშელის ეს განცხადება, რომ “რესპუბლიკელები” და “მრეწველები” ერთ კოალიციაში არ იქნებიან, ხიდაშელმა თქვა, რომ არჩევანი გასაკეთებელი იქნება. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ “რესპუბლიკელები” კოალიციის დატოვებას და ულტიმატუმობანას თამაშს არ აპირებენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.