მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია, როგორც ცხინვალში აცხადებენ, ის მისი თანასოფლელი, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევია, რომელმაც, მიაჩნიათ, რომ “დიდი ალბათობით” საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარა თავი.
მარეკ დუდაევი 16 იანვარს ღამით მოკლული იპოვეს ცხინვალის მახლობლად სოფელ არცევში, სოფლის კლუბის ყოფილ შენობაში, სადაც ის ცხოვრობდა და ფერმა ჰქონდა. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, მათგან ორი თავში.
ოსური მედია წერს, რომ ამ მკვლელობამ ოკუპირებულ ცხინვალში დიდი რეზონანსი გამოიწვია. 2000-იანი წლების დასაწყისში ქართული სპეცსამსახურები მასზე ნადირობდა და როდესაც ის 2004 წელს დააკავეს, ცხინვალში „გმირადაც“ კი იყო მიჩნეული ქართველების წინააღმდეგ ბრძოლის გამო.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცველები მკვლელს უკვე ეძებენ და ვარაუდია, რომ ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა, სადაც მას ნათესავები ჰყავს.
„ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა, დიდია ალბათობა, რომ ის საქართველოში გადავიდა, რადგანაც სოფელი არცევი იქვე საზღვართანაა,“ – აცხადებს დე ფაქტო შს მინისტრი იგორ ნანიევი.
მკვლელობის მიზეზად, სავარაუდოდ, პირადი უთანხმოება სახელდება.
პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევი თქმით, თუკი დადასტურდება, რომ დამნაშავე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ის ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს ერგნეთის შეხვედრებზე და მოითხოვს ექსტრადიციას.
დუდაევის ყოფილი ცოლი, მარფა ვაზაგოვა ამბობს, რომ მარეკ დუდაევს და მკვლელს ადრე კონფლიქტი ქონდათ, თუმცა კონფლიქტის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
„ვინც ესროლა, როგორც ჩანს, ამ კონფლიქტის შემდეგ შეშინებული იყო. ის მასთან ფერმაში მივიდა და მარეკს უკნიდან, თავში ესროლა,“- განაცხადა ვაზაგოვამ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.