DSC_0498

მოჭროლი ნაძვები ყაზბეგის გამზირზე (dfwatch)

მოძრაობის „პარტიზანი მებაღეობა თბილისში“ წარმომადგენლები თბილისის მერიასთან ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადაყენებისა და სამსახურის სტრუქტურის შეცვლის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ.

22 აგვისტოს, შიმშილობის მეშვიდე დღეს, „პარტიზანმა“ ნატა ფერაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მას შემდეგ პროტესტის უკიდურეს ზომას ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა მიმართა. მიზეზი კი,  თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 24 ნომერში ხეების გაჩეხვა გახდა.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი აცხადებს, რომ ყაზბეგის ქუჩაზე 68 ხიდან მხოლოდ 45 „დაავადებული და ზეხმელი“ ხის მოჭრაზე გასცა ნებართვა.

აქტივისტები კი ამბობენ, რომ მოჭრილია საღი ხეებიც. „პარტიზანული მებაღეობის“ განცხადების საფუძველზე პროკურატურამ ყაზბეგის ქუჩაზე ხეების ჭრის საქმის გამოძიება დაიწყო.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, კახნიაურის გადაყენების შესახებ  გადაწყვეტილებას სწორედ პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებენ. მისივე თქმით, გადაიხედება და დაიხვეწება, ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესიც.

„პარტიზანი მებაღეობის“ წევრი მარიამ ბაქრაძე კი DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ თუკი  არ დაკმაყოფილდა მათი მთავარი მოთხოვნა, რაც მერიის ეკოლოგიის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადაყენებას გულისხმობს, ისინი აქციას გააგრძელებენ.

მისივე თქმით, უნდა დაიწყოს ამ სამსახურის რეორგანიზაცია და გარდაქმნა. კერძოდ, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც იქ იმუშავებს.

„პარტიზებმა“ საკუთარი  მოთხოვნები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად თბილისის მერს დავით ნარმანიასა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს უკვე გადაუგზავნეს.

ცნობისთვის, ყაზბეგის 24 ნომერში, ყოფილი სისხლის გადასხმის ინტიტუტის ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რის გამოც 17 აგვისტოს ამ ტერიტორიაზე ეკოლოგიის სამსახურის ნებართვით ხეები გაიჩეხა. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცნობით, ადგილზე  12 საღი ხე მოიჭრა, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ უფრო მეტიც გაეჩეხათ.

ნატა ფერაძე კი ამბობს, რომ მოჭრილია იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვები, რომელიც დეკორატიული და ეკოლოგიური თვალსაზრისით ძვირფასი მცენარეა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც მომხდარის გამო ფერაძემ მერიასთან შიმშილობა დაიწყო, საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხილვის საჭიროების გამო, მერმა 20 აგვისტოს, თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა, – 10 დღის განმავლობაში ხეების ჭრა დროებით შეაჩერა.