ნიკა მელია: „ისინი ცდილობენ, ყრილობის საბოტაჟი მოახდინონ, რაც, რა თქმა უნდა, თავიდანვე განწირულია“

ნიკა მელია 5 იანვრის ბრიფინგზე

თბილისის მერობის ყოფილი კანდიატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ნიკა მელია მოითხოვს, რომ იმ წევრებმა, რომლებიც პარტიის დატოვებას აპირებენ, საპარლამენტო მანდატებიც დათმონ. განცხადების ადრესატები კი, როგორც ჩანს, ამას არ აპირებენ.

ამას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი დაპირისპირება პარტიაში, რომელმაც 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე შეიძლება პარტია ორად გახლიჩოს.

ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას მელიამ თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების ხმებით პარლამენტში შესულმა წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა სხვა პარტიის სახელით გააგრძელონ.

„მე რომ გადაწყვეტილება მივიღო და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დავტოვო,  საპარლამენტო მანდატს აუცილებლად დავდებ,“ – აცხადებს მელია.

მიუხედავად ამისა, იგი დარწმუნებულია, რომ პარტიის გაყოფის შემთხვევაში, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქცია მაინც ეყოლება.

„განცუციკებული“ მელია სულ სხვანაირად წარმოსადეგია. შემდეგ მოსახვევსაც ვხედავ და მელიას მოსრიალებასაც, თან ტანად დიდია და საკაიფოდ სრიალდება,“ – ასე გამოეხმაურა ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი  თამარ ჩერგოლეიშვილი მელიას განცხადებას.

საქართველოს კანონმდებლობით კი პირი, რომელიც პარლამენტში ამა თუ იმ პარტიის სახელით მოხვდება და საკანონმდებლო საქმიანობისას აღნიშნული პარტიის დატოვებას გადაწყვეტს, ვალდებული არაა საპარლამენტო მანდატზეც უარი თქვას. მისი გაწვევის პროცედურა არ არსებობს. გარდა იმ შემთხვევისა,  თუკი სს დანაშაული არ ჩაიდინა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა. სხვა შემთხვევაში მანდატის ჩამორთმევა შეუძლებელია.

„როგორც ჩანს, ეს განცხადება ნიკა მელიამ მორალური და პოლიტიკური საფუძლებიდან გამომდინარე გააკეთა და არა სამართლებრივიდან,“ – აღნიშნავს იურისტი გელა ნიკოლაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ უახლეს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარლამენტარებს არათუ დაუტოვებიათ პარტია, რომლითაც პარლამენტში მოხვდნენ, არამედ სხვა პარტიის წევრებიც გამხდარან. ოპოზიციიდან სახელისუფლებო პარტიაში გადაუნაცვლებიათ და პირიქით – სახელისუფლებო პარტიიდან ოპოზიციაშიც.

უახლოეს წარსულში ამის ორი მაგალითიც გვქონდა  – შალვა შავგულიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი იყო და პარლამენტშიც ამ პარტიით შევიდა, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახდა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი პარტია კოალიციას გამოეყო. ასევე, თამარ კორძაიამ, რომელიც ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გახდა, მოგვიანებით რესპუბლიკურ პარტიაში გადავიდა.