უჩა ძოძუაშვილი ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება არ უნახავს. თუმცა თუ ასეთი გადაწყვეტილება არსებობს, ის „აბსურდული, უსაფუძვლო, არასამართლიანი და ორგანიზაციისთვის დამაზიანებელი“ იქნება. (Facebook.)

უჩა ძოძუაშვილი: „არასწორია სამინისტროს ერთ-ერთი უწყება უფროსის ქმედებების მართლზომიერებას იკვლევდეს” (Facebook)

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი, რომელიც საკუთარ გათავისუფლებას „აბსურდულს, უსაფუძვლს, არასამართლიანსა და ორგანიზაციისთვის დამაზიანებელს“ უწოდებს, დარწმუნებულია, რომ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე მთავრობა ცალკე გამოძიებას ჩაატარებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ იქნება – ამის შესახებ ძოძუაშვილმა  DFWatch-ს განუცხადა.

მან არ დააკონკრეტა, ენდობა თუ არა თავადაცვის სამინისტროს გენინსპექციის გამოძიებას, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან სამინისტრო, რომლის შიდა უწყებაცაა „დელტა“, ამ პროცესის მონაწილეა. შესაბამისად, მიზანშეწონილი და სწორი არ არის, რომ გენერალური ინსპექცია, რომელიც ასევე სამინისტროს ერთ-ერთი უწყებაა,  მისი უშუალო უფროსის მიერ განხორციელებული ქმედებების მართლზომიერებას იკვლევდეს.

DFWatch:  დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების თხოვნით ხომ არ მიმართეთ ან ისაუბრეთ მთავრობის რომელიმე წარმომადგენელთან?

..:   მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩემი პრეროგატივა არ არის. არსებობს შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ „დელტა“ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე   ყოველთვის მაქსიმალურს აკეთებდა და აკეთებს.

 DFWatch:  ესაუბრეთ თუ არა ხიდაშელს და თუ მიიღეთ მისგან თქვენი გათავისუფლების მიზეზებზე რაიმე განმარტება? თქვენ რას უკავშირებთ ამ გადაწყვეტილებას?

..:  დღეს  არ ვსაუბრობ მიზეზებზე, თუ რატომ მიიღეს ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა დოკუმენტაცია გვაქვს, რათა დავამტკიცოთ ჩვენი, „დელტას“ უდანაშაულობა. დღეს ვსაუბრობ იმაზე, რომ „დელტაში“ მიმდინარეობს ბევრი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, ამიტომ ვაფიქსირებ მზადყოფნას რომ ჩემი უფლებამოსილება გავაგრძელო. რაც შეეხება თანხას, ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ: თავდაცვის სამინისტროდან თანხის მოთხოვნაზე განცხადება  ფინანსთა სამინისტროში 18 თებერვალს გაიგზავნა, ხოლო თანხის ნაწილი „დელტაში“ 19 თებერვალს, სრულად კი 10 მარტს ჩაირიცხა.

ძოძუაშვილმა ამით დაასრულა DFWatch-თან საუბარი. შესაბამისად, კითხვები – გახდა თუ არა მისი გათავისუფლების მიზეზი თავდაცვის მინისტრთან პირადი უთანხმოება, ადანაშაულებს თუ არა ის პირდაპირ სამინისტროს იმაში, რომ ვერ მოესწრო რაკეტების დამზადება ამ დრომდე ან უსაუბრია თუ არა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელთან ირაკლი სესიაშვილთან, რომელიც ამბობს რომ მისი ინფორმაციით სამინისტრომ „დელტას“ თანხა დროულად არ გადაურიცხა, უპასუხოდ დარჩა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი კი DFWatch-თან საუბრისას, ამბობს რომ ის ძოძუაშვილს გუშინ, მის გათავისუფლებამდე ესაუბრა იმის გასარკვევად თუ რა პრობლემა იყო სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებით. ძოძუაშვილის პასუხი კი ის იყო, რომ „თანხა გადაირიცხა გვიან, რის გამოც ვერ მოესწრო და კიდევ რაღაც ტექნიკური პრობლემები იყო“.

ოფოციალური დასკვნის გამოქვეყნებამდე სესიაშვილი თავს იკავებს პასუხისგან კითხვაზე, იდგა თუ არა ძოძუაშვილის გათავისუფლების საჭიროება. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის გამოძიებაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს და დარწმუნებულია, რომ მოკვლევა ობიექტურად ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ხიდაშელის გადაწყვეტილებით ხუთშაბათს, „დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უწყების განმარტებით, ძოძუაშვილს თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია და მისი გათავისუფლება სეტყვასაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

ამას კი წინ უძღოდა, ორშაბათს, თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ გენერალურმა ინსპექციამ  კახეთში ბოლო პერიოდში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

თუმცა, მინისტრმა ხუთშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ თუ მოკვლევის შედეგად არაფერი დადგინდება, ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღდგება. მისივე თქმით, „დელტას“ მათ მიერ  მოთხოვნილი თანხა 17 თებერვალს  ჩაერიცხა.

„მე კი ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ რა აზრი ექნება მაშინ იმ მოკვლევას, რომელსაც ვატარებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით მაქვს, არასრულყოფილია. დაველოდოთ მოკვლევის შედეგებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მალე იქნება”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

2015 წლის გაზაფხულიდან კახეთში 83 სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი განთავსდა. რომელთა მოწყობისთვისაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14,7 მილიონი ლარიგამოიყო.

თავდაპირველად საქართველო სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს ბულგარეთისა და მაკედონიისგან ყიდულობდა. თუმცა ზოგიერთი რაკეტა არ იყო გამართული, რაც მოსახლეობისთვის საშიშროებას ქმნიდა. მაგალითად, 2015 წლის სექტემბერში ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ასლანოვების საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა დაეცა.

მიმდინარე წლის მარტში კი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების დამზადება უკვე „დელტაში“ დაიწყეს.

გარდა ამისა, „დელტა“ ამზადებს და აწარმოებს, სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკას. მათ შორის ჯავშანმანქანებს, რომელზეც, მათივე თქმით, დიდი მოთხოვნაა. მაგალითად,  „დიდგორი მედევაკით“,  რომელიც 90-მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში  საუდის არაბეთს უკვე მიაწოდეს, ახლა სხვა ქვეყნებიც დაინტერსდა, მათ შორის მოლდოვა. აღსანიშნავია, რომ „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით  აღჭურვილი ქართველი სამხედროები ავღანეთში მსახურობენ.