მაურო მურჯია

მოვიდა ის მომენტი, როცა იტალიამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მიიჩნევს მაურო მურჯია, რომელიც საკუთარ თავს იტალიაში ცხინვალის მთავრობის “ელჩად” მოიხსენიებს.

“ჩვენ გვწამს, რომ დადგა მომენტი, როცა იტალიის ამჟამინდელმა მთავრობამ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთი ისეთივე სტატუსით, როგორიც გააჩნიათ გაეროს წევრ სხვა ქვეყნებს,” – წერს მაურო მურჯია ფეისბუქზე.

იქვე მურჯია მიუთითებს, რომ მისი მიმართვა ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც ეხება, რომელთაგანაც ქვეყნების თვითგამორკვევის უფლების პატივსცემას ითხოვს.

სამხრეთ ოსეთის დიპწარმომადგენლობა იტალიაში არაფორმალურია. მას ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურები არ აღიარებენ და თავისი არსით ერთგვარ კერძო ინიციატივას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მურჯია საკმაოდ აქტიურობს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიის რამდენიმე მცირე დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის სოფლებთან, გარკვეული კონტაქტების დამყარება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ხელისუფლების სათავეში 2018 წლიდან ორი პოპლისტური პარტიის, Movimento 5 Stelle-ისა (“5 ვარსკვლავის მოძრაობა”) და Lega Nord-ის (“ჩრდილოეთის ლიგა”) ალიანსია. ჩრდილოეთის ლიგის ლიდერი მატეო სალვინი, რომელსაც ამჟამად ვიცე-პრემიერისა და შს მინისტრის პოსტები უკავია, გამოკვეთილი ევროსკეპტიციზმით გამოირჩევა და მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას.