ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 000 რუსული რუბლიდან (82 ლარი) 5 000 რუბლამდე ( 205 ლარი) გაზარდა ჯარიმის თანხა, რომელსაც ახდევინებს ე. წ. საზღვრის დარღვევის მუხლით დაკავებულ ადამიანებს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, სწორედ თანხის გაზრდის გამო გაჭიანურდა კასპის სოფელ ოკამის ორი მცხოვრების – გიორგი შამანაურის და იასონ შუკაკიძის გათავისუფლება.

ცნობას ე.წ. ჯარიმის გაძვირების შესახებ კასპის მერის წარმომადგენელი სოფელ ოკამში, კობა ჩიტაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საჯარიმო თანხა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაზარდა.

გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში დღეს გადასცეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ოკამის 2 მკვიდრი 20 ოქტომბერს გაიტაცეს. ისინი ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყის მასივში მაშინ დააკავეს, როდესაც იქ შეშაზე იყვნენ ასულები.