ალანიის ეპარქიის მეთაური, ეპისკოპოსი ამბროსი (osinform.org)

ცხინვალში მოქმედი არაკანონიკური ე.წ. ალანიის ეპარქიის მმართველს ეპისკოპოს ამბროსის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტი“ ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს მაშინ, როდესაც აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ზემო როკის სასაზღვრო პუნქტით ცხინვალიდან ვლადიკავკაზში მიდიოდა. 

ცხინვალში ყველა დარწმუნებულია, რომ ეს ინციდენტი “ალანიის ეპარქიის” მმართველსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის არსებული დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიბილოვი გასული წლის ნოემბერში პატრიარქ კირილს შეხვდა და მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა ე.წ. ოსური ეკლესიის რუსეთის ეკლესიის მართვის ქვეშ შესვლის სურვილი.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, მაშინ ბიბილოვი სასულიერო პირებს და მრევლს შეხვდა რუსულ ეკლესიასთან შეერთების საკითხის განსახილველად, თუმცა მას მტკიცე უარი განუცხადეს, რის გამოც გაღიზიანებულმა ბიბილოვმა თქვა, რომ „ალანიის ეპარქიაში“ და ოსი მართლმადიდებლებისთვის მთავარ, ღვთისმშობლის ეკლესიაში ფეხს არასდროს შედგამდა. მას შემდეგ არც ბიბილოვი და არც სხვა ჩინოსნები ოსურ მთავარ ტაძარს არ მიკარებიან, ბიბილოვი და ცხინვალის რეჟიმის სხვა ჩინოსნებმა სააღდგომოდაც რუსეთის 58-ე არმიისათვის აშენებულ რუსულ ეკლესიას მიაშურეს, რითაც ოსი მართლმადიდებლების დიდი წყენაც დაიმსახურეს.  ოსმა მორწმუნეებმა ეს ნაბიჯი ე.წ. ალანიის ეპარქიასთან კონფლიქტის ღიად დემონსტრირებად აღიქვეს, ახლა კი ბიბილოვმა მასთან დაპირისპირებულ ეპისკოპოსს „რესპუბლიკაში“ შესვლის გზაც გადაუკეტა.

ოსური გამოცემების თქმით, მართალია ძალოვანებმა არ ახსნეს ეპისკოპოსისათვის „ოსური პასპორტის“ ჩამორთმევის მიზეზი, თუმცა ყველაფერი ნათელია – „სამხრეთ ოსეთში“ უკან დასაბრუნებლად მას გზა ჩაუკეტეს.

ცნობისათვის, ეპისკოპოსი დამოუკიდებელი ეპარქიის არსებობის მომხრეა და თან, საბერძნეთში არსებულ ერთ-ერთ განდგომილ ეკლესიას ექვემდებარება. ხოლო ბიბილოვის სურვილია ეპარქიის უფროსი რუსეთის ეკლესია იყოს, რითაც ცდილობს რუსეთს კიდევ უფრო მოაწონოს თავი.

„ალანიის ეპარქია” 2003 წელს შეიქმნა და ის დაქვემდებარებული იყო ერთ-ერთ განდგომილ ბერძნული ეკლესიაზე, საბერძნეთის მეთონის ძველი სტილის მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ახალშექმნილი ეპარქიის პირველი ეპისკოპოსი გიორგი ფუხაევი გახდა, მის შემდეგ კი – ეპისკოპოსი ამბროსი. 2017 წლის 22 სექტემბერს ეპარქიის დროებითი მმართველი მეუფე ამბროსი და ოსი სასულიერო პირი იაკობ ხეთაგუროვი გამოვიდნენ ოფიციალური განცხადებით, ცხინვალისა და ალანიის ეპარქიის “დამოუკიდებელ და თვითმმართველ ეკლესიად“ გარდაქმნის შესახებ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „ალანიის ეპარქიას“ არ აღიარებს, თუმცა 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ ქართული ეკლესიის იურისდიქცია ცხინვალში არ ვრცელდება. ერთადერთი, ოკუპირებულ ახალგორის რაიონშა მოქმედებს სამი ქართული ეკლესია, რაც სეპარატისტების დიდ უკმაყოფილებას იწვევს და დიდი ხანია საჯაროდ კეთდება განცხადებები იმაზე, როგორ გაუშვან „რესპუბლიკიდან“ და აუკრძალონ მოღვაწეობა ქართველ სასულიერო პირებს, რომლებიც „ალანიის ეპარქიას“ არ სცნობენ. სეპარატისტული რეჟიმი მუდმივად უქმნის პრობლემებს მეუფე ისაია ჭანტურიას და სხვა ქართველ სასულიერო პირებს, მაგალითად 2008 წლის ომის შემდეგ მათ 2017 წლამდე არ აძლევდა თბილისსა და ახალგორს შორის მიმოსვლისათვის საჭირო სპეციალურ საშვს და თუკი რომელიმე მათგანი დატოვებდა ახალგორს, უკან დაბრუნების შანსი არ ექნებოდათ, ამიტომაც წლების განმავლობაში ახალგორი მათ არ დაუტოვებიათ.