01

კარიატა ციმირბულატოვა. (DF Watch.)

კარიატა ციმირბულატოვა თავის მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ბოლო 14 წლის მანძილზე სოფელ დუისში ცხოვრობს, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩეჩნეთის საზღვართან, პანკისის ხეობაში მდებარეობს.

მისი ოჯახის წევრებმა ახლახან მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა და მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ლტოლვილებისთვის გამოყოფილი შეღავათებითა და დახმარებით ვეღარ სარგებლობენ, ამ ნაბიჯს არ ნანობს, პირიქით საქართველოს მადლიერია.  „ეს ქვეყანა ძალიან დაგვეხმარა,“ ამბობს კარიატა. „ყველაფერი მოგვცა, რაც გვჭირდებოდა.“

კარიატას ოჯახი გროზნოდან 1999 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ გამოიხიზნა, რათა თავი დაეღწიათ რუსეთის ავიაციის მასობრივი, განურჩეველი დაბომბვებისა და ომის სხვა საშინელებისგან.  პანკისში, სადაც დაახლოებით 7 ათასი  ქისტი ცხოვრობს, საერთო ჯამში, როგორც რამდენიმე ლტოლვილმა და თავად პანკისელებმა გვითხრეს, თავშესაფარი 12 000 ჩეჩენმა იპოვა, რომლებსაც ქისტებთან საერთო ენა და რელიგია – ისლამი – აკავშირებს. (ოფიციალურად დარეგისტრირებულების რაოდენობა იყო დაახლოებით 6000.)

კარიატა, მისი ქმარი, მუსა დადაევი, ყოფილი გროზნოელი ინჟინერი, და მათი ოთხი შვილი, ჩეჩენთიდან ლტოლვილ კიდევ ათ ოჯახთან ერთად, დუისის ცენტრში ძველი საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობენ.

ამ სოფელში, ისევე როგორც მთელ პანკისში, ბუნებრივი აირი არ არის და ხალხი გასათბობად უმეტესად ელექტროენერგიასა და შეშას იყენებს. კარიატას ბინაში, მართალია, წყალმომარაგება აქვს, მაგრამ ამბობს, რომ წყლის წნევა ძალიან დაბალია.

An old hospital building in Duisi, where the refugee families are living (DF Watch)

(DF Watch.)

კარიატას თქმით, ლტოლვილი მამაკაცების უმეტესი ნაწილი უმუშევარია. ოჯახი ადრე ლტოლვილთათვის განკუთვნილ შემწეობას – 28 ლარს – იღებდა, მაგრამ 2013 წლის იანვარში, მას შემდეგ რაც მან, მისმა მეუღლემ და სამმა შვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, დახმარება შეუწყდათ.

მეოთხე, უმცროსმა ქალიშვილმა, რომელიც თბილისშია დაბადებული, მოქალაქეობა დოკუმენტებთან დაკავშირებული გარკვეული  პრობლემების გამო ვერ მიიღო.  კარიატა იმედოვნებს, რომ ისინი კვლავ შეძლებენ მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის შეტანას ექვს თვეში, როგორც ეს მათ იუსტიციის სამინისტროში უთხრეს და საბოლოოდ გადალახავენ ამ პრობლემას.

ჩეჩენი ლტოლვილების ნაწილი საქართველოს მოქალაქეობას არჩევს, თუმცა სხვები ამჯობინებენ ლტოლვილის სტატუსი შეინარჩუნონ, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს დაბრუნდენ ჩეჩნეთში ან წავიდნენ ევროპასა თუ ამერიკაში, სადაც ადვილად შეუძლიათ პოლიტიკური თავშესაფრის მიღება.

ოფიციალური მონაცემებით, 1999 წელს, ომის დაწყების შემდეგ,  საქართველოში დაახლოებით ექვსი ათასი ლტოლვილი დარეგისტრირდა და მათი დიდი ნაწილი პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების ნათესავები იყვნენ. სიტუაცია დაძაბული იყო, რამდენადაც რუსეთმა საქართველოს ჩეჩენი მეამბოხეების შეფარებაში დასდო ბრალი. ამ დაძაბულობის შედეგი იყო რუსეთის სამხედრო ავიაციის რამდენიმე იერიში პანკისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებზე. იმ პერიოდისთვის, პანკისი გადაიქცა სახიფათო ზონად, სადაც გატაცება, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ყაჩაღობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

სიტუაცია 2005 წელს შეიცვალა, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ ხეობაში კონტროლი მკაცრი ზომებით აღადგინა.

Makvala Margoshvili runs her own tourism business in Duisi (DF Watch)

მაყვალა მარგოშვილი. (DF Watch.)

76 წლის დუისელი მაყვალა მარგოშვილი ამბობს, რომ ომის დროს საქართველოში თავშესაფარი 12 000-მა ჩეჩენმა ჰპოვა, ძირითადად – პანკისში. მათ შორის მებრძოლებიც იყვნენ.

„სამწუხაროდ, დაახლოებით 2500 მებრძოლი იყო,“ ამბობს ქ-ნი მაყვალა. „ჩეჩენი ლტოლვილები აქ მცხოვრებ ყველა ოჯახს ჰყავდა შეფარებული.“

დღესდღეობით, დუისში ტურისტებიც ჩამოდიან და ბევრი მაქთგანი ქ-ნი მაყვალას სტუმართმოყვარე სახლში ჩერდება, რომელსაც საკუთარი ტურისტული ბიზნესი აქვს (http://pankisi.com.ge).

პანკისის სოფლებში ახლა სიმშვიდეა.

როდესაც დუისში ჩავედით, ირგვლივ ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. ქუჩებში ბავშვები ყინულზე სრიალებდნენ. თითქმის ყველა სახლის ეზოში შეშა აწყვია და საკვამურებიდან კვამლი ამოდის. ასაკოვანი ადამიანები სკამებზე სხედან და საუბრობენ…

დევნილთა უმრავლესობა ან ჩეჩნეთში დაბრუნდა, ან ევროპაში გადასახლდა. ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი კოკაიას თქმით, ამჟამად  საქართველოში  ლტოლვილის სტატუსი 300 ჩეჩენს აქვს, ექვსასზე მეტმა კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და სტატუსი გაუუქმდა.

ლტოლვილები, პანკისის გარდა, ძირითადად ცხოვრობენ თბილისში, ახმეტასა და რამდენიმე ახლომდებარე სოფელში. საქართველომ ჩეჩენი დევნილები უზრუნველყო ყოველთვიური 28-ლარიანი დახმარებით და კიდევ რამდენიმე სოციალური სარგებლით, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევით.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ კარიატა და მისი ოჯახი შემწეობას ვეღარ იღებს. ზოგი ჩეჩენი დევნილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ყოველთვიურად იღებს როგორც სოციალურ დახმარებას, ასევე ლტოლვილთა შემწეობასაც, რაც ჯამში  თითო ოჯახზე 60 ლარს (34 დოლარი) შეადგენს.

Children playing in the yard in village Duisi (DF Watch)

დუისელი ბავშვები. (DF Watch.)

რადგანაც კარიატაც და მისი მეუღლეც დასაქმებულები არიან, სოციალური დახმარებით, რომელიც მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს ეძლევათ, ვერ სარგებლობენ. კარიატა ამბობს, რომ  დუისში დასახლების დღიდან მუშაობს, ძირითადად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. ახლა კახეთის რეგიონალური განვითარების ცენტრშია დასაქმებული.

კარიატას მეუღლეს, მუსა დადაევს ავეჯის რესტავრაციის, როგორც ამბობს, ძალიან პატარა ბიზნესი აქვს. მუსა პროფესიით ინჟინერია და გროზნოში საკუთარი ავეჯის ქარხანა ჰქონდა, რომელიც ომის დროს განადგურდა, განსხვავებით მათი სახლისგან, რომელშიც ომს გადაურჩა და იქ ახლა არავინ ცხოვრობს.

მუსამ რამდენჯერმე სცადა თბილისში თავისი პროფესიით სამუშაო მოეძებნა, თუმცა ვერაფერი იპოვა და უკან, დუისში დაბრუნდა, სადაც დროგამოშვებით თანასოფლელების ავეჯს უკეთებს რესტავრაციას.

დუისში მცხოვრებ დევნილებს ხშირი კონტაქტი აქვთ თავიანთ ნათესავებთან, რომლებიც პანკისში ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით ჩადიან. ისინი ერთმანეთს ტელეფონის და სკაიპის საშუალებითაც ელაპარაკებიან. თუმცა თავად მუსა და კარიატა, ისევე როგორც მათი შვილები, ჩეჩნეთში ვერ გადადიან.

წლების მანძილზე მათ საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდათ, ახლა კი, როდესაც ქართული პასპორტები აქვთ, მათ მაინც არ შეუძლიათ რუსეთის საზღვარი გადაკვეთონ, რადგან 2006 წელს საქართველოში ჯაშუშობაში ბრალდებული რამდენიმე რუსი ოფიცრის დაკავების გამო, რუსეთმა ძალიან მკაცრი სავიზო რეჟიმი შემოიღო.

„ადრე დოკუმენტები არ გვქონდა და ამიტომ ვერ მივდიოდით, ახლა პასპორტები გვაქვს, ოღონდ ქართული, ანუ ისევ არ შეგვიძლია წასვლა. ისინი (ჩეჩენი ახლობლები) კი ხშირად ჩამოდიან-ხოლმე,“ ამბობს კარიატა. „დილას გროზნოდან გამოსულები საღამოს უკვე აქ არიან, ძალიან მარტივად.“

Village Duisi (DF Watch)

დუისი. (DF Watch.)

კარიატა ამბობს, რომ დუისის სკოლებში გადაწყვიტეს სხვადასხვა კლასები გაეერთიანებინათ, რამაც სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნა.

მისი თქმით, ბავშვები, მართალია, ქართულს სწავლობენ, მაგრამ ქართულად საგნების სწავლა მაინც არ შეუძლიათ. ამის გამო დათანხმდნენ  შერეულ კლასში დარჩენაზე, თუმცა მათი ნიშნები გაუარესდა, რადგან, როგორც კარიატა ამბობს, საკლასო  ოთახი გადავსებულია და ხმაურის გამო სწავლის პროცესი რთულდება.

„მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასები გააერთიანეს და ბავშვები სათანადოდ ვერ სწავლობენ, რაც ძალიან გვაღელვებს,“ თქვა კარიატამ და დასძინა, რომ ზოგჯერ გაკვეთილი მხოლოდ 20 წუთს გრძელდება-ხოლმე.

მოსწავლეების ოჯახებმა ამ პრობლემის შესახებ ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს მიმართეს და დაპირებაც მიიღეს, რომ საკითხის მოგვარებაზე იმუშავებდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი გაკეთებულა.

როგორც კი ოჯახმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მათ მიმართ ყურადღება შემცირდა.

კარიატას თქმით, მან იცოდა, რომ მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში მას და მის ოჯახს შეუწყდებოდა სოციალური დახმარება და ვერც სხვა შეღავათებით ისარგებლებდნენ, თუმცა მას მაინც სურდა საქართველოს მოქალაქე გამხდარიყო.

„ეს ქვეყანა ჩვენ ძალიან დაგვეხმარა და ყველაფერი მოგვცა, რაც გვჭირდებოდა,“ ამბობს კარიატა DFWatch-თან საუბრისას. „კარგი იქნებოდა, ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში უფრო მეტად ვიყოთ ჩართული და არა ასე ცალკე გამოყოფილები, თუმცა ამ საკითხზე ჩვენ ჯერ არავისთვის მიგვიმართავს.“

მუსა დადაევი ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური პრობლემებია და მათ ეს კარგად ესმით. მისი აზრით, ხელისუფლების შეცვლა არც კონკრეტულად მათ და არც ზოგადად სოფელს ჯერ არ დატყობია, თუმცა ცვლილებებს ჯერ კიდევ ელიან.

„წელს პირველად მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა,“ ამბობს კარიატა. „როცა მოქალაქეობას ვიღებდით, ვიცოდი, რომ ყველანაირი შეღავათი შეგვიწყდებოდა, მაგრამ მე მინდოდა ნორმალური მოქალაქე ვყოფილიყავი. როდემდე შეიძლებოდა ლტოლვილები გვრქმეოდა?“

კარიატა ნანობს, რომ ქართულის სწავლა ვერ მოახერხა. ის გროზნოში მასწავლებელი იყო და ჩეჩნურ ლიტერატურასა და გრამატიკას ასწავლიდა. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდა და, სხვა ლტოლვილებთან ერთად, „ქართველ  ჩეჩენთა კავშირიც“ დააარსა.

გროზნოში მცხოვრები ნათესავები მათ ეუბნებიან, რომ ჩეჩნეთში ეკონომიკური სიტუაცია უკეთესია, თუმცა ამბობს, რომ იქაც კარგად ის კატეგორია ცხოვრობს,  ვისაც მაღალი თანამდებობები უჭირავთ.

ოჯახს თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლაც უნდოდა, თუმცა შემოსავლების სიმცირის გამო ჯერ ვერ მოახერხა. ისინი სახლს სამგორში ეძებდნენ, თუმცა ვერაფერი იპოვეს და ჯერ-ჯერობით ისევ დუისში რჩებიან.