საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი პრეზიდენტმა ტრამპმა ავღანეთში შეერთებული შტატების საგანგებო დესპანად წარადგინა.

ამჟამად ბასს თურქეთში აშშ-ის ელჩის პოსტი უკავია. 2009-2012 წლებში ის საქართველოში ელჩად მუშაობდა. ორივე ამ პოზიციაზე ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ იყო წარდგენილი.

ფორმალურად ელჩად დამტკიცებას კონგრესის ზედა პალატის, სენატის დასტური სჭირდება.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ჯონ ბასს ავღანეთში კრიტიკულ მომენტში აგზავნიან. სიტუაცია ამ ქვეყანაში ერთგვარ ჩიხშია შესული და რამდენიმე წელია, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ თალიბანის საბოლოო დამარცხება ვერ ხერხდება. ეს უკანასკნელი, სულ მცირე, ქვეყნის ტერიტორიის 40% აკონტროლებს.

ახლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყანაში დამატებით 4 000 მებრძოლის გაგზავნის საკითხს განიხილავს. (ამ მომენტისთვის ავღანეთში 8 400 ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს.)