DFWatch -ის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში არ აპირებს მორიგებაზე წავიდეს უშიშროების ყოფილი მინისტრ იგორ გიორგაძესთან, რომელიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წელს მოწყობილი ტერაქტის გამოა ბრალდებული და რუსეთში აფარებს თავს.

გიორგაძე DFWatch -ს გასულ წელს გასული სტატიის გამო უჩივის. მისი გაღიზიანება გამოწვია ინგლისურენოვან ინტერნეტ გამოცემაში დაწერილი სტატიის სათაურმა – „საზოგადოების ნომერ პირველი მტერი“ და ასევე ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც მას ქართული სასამართლოს მიერ 17 -წლიანი მსჯავრი აქვს დადებული.

„ჩვენ ჩვენი პოზიციის სისწორეში დარწმუნებული ვართ და ამიტომ არ გვსურს არანაირი მორიგება. სასამართლომ გადაწყვიტოს ყველაფერი,” – განაცხადა ხუტშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ტუღუშმა.

7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა საქმეზე, სადაც მოსამართლემ მხარეებს მორიგება შესთავაზა, თუმცა ლაშა ტუღუში მორიგების შეთავაზებას არ დათანხმდა.

„მორიგების პირობები იყო, რომ მომხდარიყო უარყოფა იმ ფაქტის, რომ გიორგაძის მიმართ მიღებულია გამამტყუნებელი განჩინება. ჩვენი მხარე თვლის, რომ არავითარი დარღვევა არ არის და ეს ფაქტი ჟურნალისტის მიერ მიღებული ინფორმაციით დასტურდებოდა. აქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მორიგებაზე უარი განვაცხადეთ. გარდა ამისა, აღნიშნული სარჩელი მათი მხრიდან ხანდაზმულია და როდესაც სარჩელის არსებითი განხილვა მოხდება, ეს იქნება მსჯელობის საგანი. 23 ივლისს იყო აღნიშნული სტატია გამოქვეყნებული და მათ სარჩელი შეიტანეს დეკემბერში. ჟურნალისტს კი არ ევალება 10 დღეზე მეტ ხანს შეინახოს კონკრეტული მასალები“, – აცხადებს საია-ს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი და მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო არც სათაურის ნაწილში დააკმაყოფილებს გიორგაძის მხარის სარჩელს.

„რაც შეეხება სათაურს, „საზოგადოების ნომერ პირველი მტერი“, ამ შემთხვევაში ეს არ არის ფაქტი, ეს არის შეფასება და აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა,“ – დასძენს იურისტი.

DFWatch-ის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.  შემდეგი სხდომა, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ იგორ გიორგაძეს ბრალად ედება 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება. მის სახელს ასევე უკავშირებენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის,  გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ 1994 წელს განხორციელებულ ტერაქტსაც.