მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფლ ყიზილაჯლოში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მოსახლეობა აცხადებს, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად მიდის, მაგრამ არჩეული კანდიდატებისგან არაფერს ელოდება.

ყიზილაჯლოს სარჩევნო უბანთან ჩვენთან საუბარი არავინ ისურვა. მოსახლეობა ყველაზე მეტად შარშან, საპარლამენტო არჩევნების დროს აქ მომხდარი მოვლენების შესახებ ლაპარაკს გაურბოდა. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები საარჩევნო უბნიდან მოშორებით დავითანხმეთ ინტერვიუზე, ისიც იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით: „გასული წლის მოვლენების გამო ბევრი ადამიანი დააკავეს. ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ პრობლემა აღარ შეიქმნას. ხალხს მოუწოდებენ, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცენ. დამიჯერეთ, ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, ხმას ვის აძლევს. რომ ჰკითხოთ, ვინ არიან კანდიდატები, ერთის სახელსა და გვარსაც კი ვერ დაასახელებენ. აი, იქ, უბანთან, ათიოდე ადამიანი რომ დგას, ისინი ყველას აფრთხილებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა“.

ფუჭად ჩაიარა ჩვენმა მცდელობამ, რომ სოფელში არჩევნებთან დაკავშირებით სხვებისგანაც აგვეღო ინტერვიუ. ვერავინ ვნახეთ ისეთი, ვინც ჩვენთან საუბარს გაბედავდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მცხოვრებმა ქამილ გორუშოვმა გვითხრა, რომ ხმა პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, ახმედ იმამკულიევს მისცა. მას იმედი აქვს, რომ იმამკულიევის გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემები მოგვარდება: „ჩვენს სოფელს ბევრი პრობლემა აქვს. არ გვაქვს საავადმყოფო, სარწყავი და სასმელი წყალი. დღემდე არჩეულ არცერთ ადამიანს არ მოუგვარებია ეს პრობლემები. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო უკეთესობა, ახლა კი პრობლემები  ყოველდღიურად მატულობს. რამდენჯერაც არ უნდა მივწეროთ „ზემოთ“, შედეგი არა გვაქვს. დღემდე ვინც ავირჩიეთ, არავის არაფერი გაუკეთებია. იქნებ ამათ მაინც გააკეთონ ხალხისთვის რამე. საქართველოში თანამდებობის პირები ხალხის პრობლემებზე არ ფიქრობენ: არჩევის შემდეგ ჩვენი პრობლემებით აღარავინ ინტერესდება.”

ქამილ გორუშოვი იმითაც უკმაყოფილოა, რომ სკოლაში სარემონტო სამუშაოები სასწავლო წლის დაწყების შემდეგ დაიწყო და 500-მდე მოსწავლე იძულებული გახდა, სასწავლებლად მეზობელი სოფელ ალგეთის სკოლაში გადასულიყო.

ჰაბილ მეჰდიევი კი ამბობს, რომ არჩვენები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოსახლეობაზე ზეწოლასაც კატეგორიულად გამორიცხავს: „წინისგან განსხვავებით, ეს არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. გვჯერა, რომ არჩეული მერი და დეპუტატები პრობლემებს მოგვიგვარებენ.“

არც სოფელ საბირქენდში მცხოვრებ ამირხან ბადირხანოვს სჯერა, რომ არჩევნების შემდეგაც მათ სოფელში რაიმე შეიცვლება. ამბობს, რომ არჩევნებში ფორმალურად მონაწილეობს: „შეიძლება ახალმა არჩეულებმა რამე გააკეთონ, მაგრამ რაღაც არ მჯერა ამისი, რადგან დღემდე ბევრჯერ მოგვატყუეს.“

არჩევნების შემდეგ მათ ცხოვრებაში რაიმე დადებითად რომ შეიცვლება, ამის არც ნიზამ ალიევს სჯერა: „წლებია, დაპირებებიდან არაფერი შესრულებულა. არცერთ არჩეულ დეპუტატს და პარტიას ნორმალურად არ უმუშავია. ამის შედეგია, რომ ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. რაც ივანიშვილი მოვიდა, პრობლემები უფრო მოგვემატა. გეცოდინებათ, ალბათ, ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯეიხუნ ჩოვდაროვი რომ დაჭრეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ მთავრობა სიტუაციას ვერ აკონტროლებს.“

 რაჰიმ სალიევი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.