შეხვედრა პანკისში (შერიგების სახმინისტრის აპარატის ფოტო).

იმის რესურსი, რომ ყველაფერი მოსახლეობის ჩართულობისა და კომუნიკაციის გზით გადაწყდეს, ძალიან მაღალია, რადგან არის მზაობა, კონკრეტული ხედვები და გეგმები – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩავიდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათთან 21 აპრილს განვითარებული მოვლენები განიხილა.

მინისტრის შეფასებით, მომხდარი ინიციდენტი მოსახლეობასთან კომუნიკაციის დეფიციტმა გამოიწვია.

„კომუნიკაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია და აბსოლუტურად დაუშვებელია ძალადობა, ან ისეთი ეპიზოდი, რაც, საუბედუროდ, 21 აპრილს ხეობაში მოხდა. ვფიქრობ, რომ ამაზე საერთო შეთანხმება არსებობს. ჩვენ უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში და ერთად გამოვნახოთ პანკისის განვითარების გზა. საჭიროა მოსახლეობასთან კომუნიკაცია და დაწყებული პროექტების განხორციელება,“ – განაცხადა ციხელაშვილმა.

შეხვედრაზე, რომელსაც უხუცესებიც და ქალთა საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ, მოსახლეობას თითოეული იმ თემის წამოჭრისა და კითხვის დასმის საშუალება მიეცა, რომელიც მათთვის აქტუალური და საინტერესოა იყო. სახელმწიფო მინისტრმა კი თითოეულ კითხვას უპასუხა.

„მოსახლეობას ჰქონდა კონკრეტული მოსაზრებები, რომლებიც მოვისმინე. ასევე ვისაუბრე პანკისის ხეობის განვითარების გეგმაზე, რომელიც ძალიან მოცულობითია და ბევრ სფეროს მოიცავს. საბოლოო ჯამში, ერთი სურვილი გვაერთიანებს – ხეობის განვითარება. ქვეყნის განვითარება რეგიონების განვითარებაზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, ამაშიც სრული თანხვედრაა. მგონია, რომ ეს ახალი ეტაპის დასაწყისია – დიალოგისა და კომუნიკაციის განახლება, რომელიც ორი კვირის წინ იყო და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიური გახდება სხვადასხვა ჯგუფთან, დაინტერესებულ პირებთან, ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება,“ – აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.

(გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაცია.)