Fifa.com

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლები 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ბილეთებს ონლაინ რეჟიმში ვერ ყიდულობენ, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განცხადება ე.წ. სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგეი ზასეევმა გააკეთა. შედეგად, FIFA-ს არა მარტო ოკუპირებულ ცხინვალში, არამედ რუსეთშიც პოლიტიკურ ინტრიგებში დასდეს ბრალი.

რუსეთში აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ყირიმის მცხოვრებლებმა ვერ შეძლეს ბილეთების ონლაინ რეჟიმში ყიდვა და მიზეზად დასახელდა ის, რომ FIFA ამ რეგიონს რუსეთის ნაწილად არ სცნობდა.

კრიტიკული განცხადებები ცხინვალშიც გაკეთდა. სერგეი ზასეევმა განაცხადა, რომ FIFA მათ ბილეთებს იმის გამო უბლოკავს, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ არ აღიარებს, თუმცა „მოქალაქეებს“ გამოსავალი შესთავაზა – ბილეთები ყველა მსურველმა რუსული პასპორტით იყიდოს.

„ალბათ, FIFA არ განიხილავს იმ მომენტს, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უმრავლესობა იმავდროულად რუსეთის მოქალაქეები არიან. აქედან გამომდინარე, ყველა მსურველს შეეძლება ბილეთები რუსული პასპორტებით იყიდონ,“ – აცხადებს ზასეევი.

მისი განცხადებით, ონლაინ გაყიდვა უკვე დაწყებულია, „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს“ კი ყიდვის საშუალება არ მისცეს, რაც უსამართლობა და ზედმეტი პოლიტიზირებაა.

„იმის ნაცვლად, ხელი შეუწყონ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და გულშემატკივრებს ყველანაირი პირობა შეუქმნან, ისინი, პირიქით, პოლიტიკაში ერთვებიან, რომლის ადგილიც აქ არ არის,“- უკმაყოფილებას არ მალავს ზასეევი.

მისივე თქმით, ეს შეზღუდვა შეეხო არა მარტო სამხრეთ ოსეთს, არამედ აფხაზეთსა და ყირიმს, თუმცა მოგვიანებით რუსულმა მედიამ დაწერა, რომ FIFA-მ ტექნიკური შეზღუდვები გამოასწორა და ორგანიზაციის პრეს-სამსახური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ FIFA არ აწესებს რაიმე ტექნიკურ შეზღუდვას, რომელიც ვინმეს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ხელს შეუშლის ბილეთის ყიდვაზე განაცხადის გაგზავნაში.

2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში უნდა 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით იმართება. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ინფორმაციით, მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 სექტემბერს დაიწყო და ეს შესაძლებელია FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე – fifa.com/bilet.